მაგდა პაპიძეს გახმაურებულ მკვლელობებში ბრალდებულთა ადვოკატი იცავს

„ვინ არიან მაგდა პაპიძის ახალი ადვოკატები და ვის ინტერესებს იცავდნენ ისინი“, – აღნიშნული საკითხით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა და მათ შესახებ ინფორმაცია მოიპოვა.
როგორც გამოცემას შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის დამ – ლანა პაპიძემ განუცხადა, ადვოკატი ირმა ბრელიძე საქართველოში ძლიერ ადვოკატთა ხუთეულშია.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ აპირებს ოჯახი ძვირად ღირებული ადვოკატისთვის თანხის გადახდას, ბრალდებულის დამ ასე უპასუხა: თქვენი რა საქმეა? ვინ გეკითხებათ, როგორ გადავიხდით ადვოკატის ფულს?
სტატიიდან ირკვევა, რომ გამოცემა დიდხანს არკვევდა ცნობილი ადვოკატის, ირმა ბრელიძის შესახებ ინფორმაციებს, თუმცა ადვოკატების წრეში მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
საბოლოოდ, გამოცემამ საკუთარი ძალებით სცადა, მასზე ინფორმაცია მოეპოვებინა და გაირკვა, რომ ირმა ბრელიძე ვარკეთილში 19 წლის დავით ხარაზიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ინტერესებს იცავდა. ეს იყო ბრალდებული, რომელმაც, სავარაუდოდ, საკუთარი, 15 წლის გოგონას ღირსების შელახვისთვის დასაჯა 19 წლის ბიჭი. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. საბოლოოდ, გასული წლის 21 აგვისტოს, სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლება აღუკვეთა.
გარდა ამისა, ადვოკატის მეორე საქმეც მკვლელობას შეეხება და ის დაახლოებით 2 წლის წინათ ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბანში მოხდა. ირმა ბრელიძის დაცვის ქვეშ მყოფი სამი ახალგაზრდის მკვლელობაში იყო ბრალდებული.
რაც შეეხება ადვოკატ მარიკა ფხალაძეს, გამოცემის ინფორმაციით, მას კოლეგები საკმაოდ ჭკვიან და თანამიმდევრულ ადვოკატად ასახელებენ.
გამოცემისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ იგი ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძისა და ცნობილი ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის ინტერესებს იცავდა.
ცნობისთვის: თავდაპირველად პაპიძეს სახაზინო ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე, ჟურნალისტ გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლე იცავდა. თუმცა ოჯახმა მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები