მაია ნიკოლეიშვილი ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს ურჩევს, ექსჰუმაციის შემთხვევაში, ექსპერტიზა რუსეთში ჩაატარონ

„უკვე კარგა ხანია ვაცხადებ, ჟვანიას საქმეზე სიმართლე მანამდე არ გაირკვევა, ვიდრე ექსჰუმაცია არ ჩატარდება!“ – ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნოკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამასთანავე, ექსპერტი ჟვანიას ოჯახის წევრებს ურჩევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ცხედარს განმეორებითი ექსპერტიზა რუსეთში ჩაუტარონ, სადაც მეცნიერულ დონეზე იკვლევენ გარდაცვლილი ადამიანის – ძვალს.
„აუცილებელია ჩატარდეს ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია. უკვე კარგა ხანია, ვაცხადებ, რომ ჟვანიას საქმეზე სიმართლე მანამდე არ გაირკვევა, ვიდრე ექსჰუმაცია არ ჩატარდება. თხემის მიდამოებში არსებული დაზიანებები, რაც ტელევიზიით ვიხილეთ, დიდი ალბათობით, სისხლჩაქცევაა, თუმცა, არ არის გამორიცხული, პათოლოგიითაც იყოს გამოწვეული, რაც ზოგჯერ სისხლის ჩაქცევის მაგვარ სურათს ქმნის. ამიტომ მე, როგორც ექსპერტი, ვერცერთი ვერსიისკენ ვერ გადავიხრები, სანამ მიკროსკოპური კვლევა არ ჩატარდება. ექსჰუმაცია საბოლოოდ დაუსვამს წერტილს – ზურაბ ჟვანიას დაზიანება ტრავმის შედეგად აქვს მიყენებული თუ არა. ოღონდ, თუ ექსჰუმაცია ჩატარდება, დაზიანებული ძვლის უბნის დამუშავება არ უნდა მოხდეს ჩვენში აპრობირებული მეთოდით, სხვა მეთოდიკით უნდა დამუშავდეს.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მშვენიერი ჰისტოლოგიური ლბორატორიაა, არაჩვეულებრივი აპარატურა აქვთ, მაგრამ არსებობს მეთოდიკები, რომლებიც მე-19, მე- 20 საუკუნეებიდან მოდის. ჩემი კეთილი რჩევა იქნება ოჯახისადმი, ექსპერტიზა რუსეთში ჩაუტარონ. ჩემი კეთილი რჩევა იქნება ოჯახისადმი, ექსპერტიზა რუსეთში ჩაუტარონ, სადაც ზოგიერთი მეცნიერი უშუალოდ ამ მიმართულებით მუშაობს – მეცნიერულ დონეზე იკვლევენ ძვალს. სერიოზული კორიფეები არიან. მათ პროფესიონალიზმს თვალდახუჭული ვენდობი. შეიძლება საკვლევი მასალის – პრეპარატის გაყოფა და ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში გადაგზავნა, მათ შორის – დასავლეთშიც. მთავარია, ექსჰუმაცია ჩაუტარონ“, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები