სილამაზის სალონებში მომსახურება შესაძლოა, გაძვირდეს – რა ვალდებულებები ეკისრებათ სილამაზისა და ტატუს სალონებს

სილამაზის ცენტრების, ტატუს სალონების რეგისტრაცია და მათი მხრიდან ინფექციური დაავადებებისადმი პრევენციული ზომების გატარება სავალდებულო გახდება. აღნიშნულმა სიახლემ კი შესაძლოა, სალონებში ფასების მატება გამოიწვიოს.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას სალონების მეპატრონეებმა განუცხადეს, ეს სიახლე ნებისმიერ შემთხვევაში სალონებში ფასების მატებას გამოიწვევს.
„დამატებით არ იყო მიღებული, რომ სავარცხლებმა გაიაროს დეზინფექცია და შეიფუთოს. ჩვენთან იყო ტენდენცია, რომ რაც უფრო მეტი თმაა, მით უფრო მარტივია და უფრო სრიალებს, მაგრამ თანამედროვე ტენდენციები ითხოვს, რომ სავარცხლები იყოს სუფთა, რაც გამოიწვევს ხარჯებს. იმიტომ, რომ უნდა შეიძინო ვაკუუმის სპეციალური აპარატი, შეფუთო სავარცხლები და ასე შემდეგ. სავარცხლით შესაძლოა, კანი დაზიანდეს, შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს კანზე რამე დაავადება ან უბრალოდ დაზიანებული ჰქონდეს და ეს დამატებით რისკფაქტორია“,- განაცხადეს გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი სალონის მფლობელმა.
„პრაიმტაიმთან“ აღნიშნული ზომების სავალდებლო მიღებაზე ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის, რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი საუბრობს და აცახდებს, რომ სალონების უმრავლესობაში სავალალო მდგომარეობა იყო, რაც გასული წლის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა.
„სამწუხაროდ, ნორმებს არავინ იცავდა და შესაბამის ღონისძიებებს არ ახორციელებდა. როდესაც ვლაპარაკობ გარკვეული დაავადებების გადადებაზე, ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამ დაწესებულებებს. აღნიშნული დაწესებულებები ინფექციის პრევენციის მხრივ არანაირ ღონისძიებებს არ ატარებდნენ. ის, რაც ეგონათ, რომ იყო შესაბამისი აპარატები,რომელიც თითქოს უზრუნველყოფდა ინსტუმენტების დეზინფექციასა და სტერილიზაციას, პრაქტიკულად, ეს აღჭურვილობა არ არის მასტერიზებელი და მადეზინქცირებელი ეფექტის მქონე“,-განმარტა ნოღაიდელმა.
სილამაზისა და ტატუს სალონებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს ასევე ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გია ბურჯანაძეც. მისი მტკიცებით, სალონების დაახლოებით 80 პროცენტში სტერილიზაცია არ ხდება და ელემენტარული ჰიგიენის ნორმები არაა დაცული.
„ბრიტვით“ კისერს თუ ამოპარსავდა 10 კაცს, მე-11 იყავით თქვენ, ან მე და ა.შ. ჯანდაცვის მიერ დადებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინფიცირების ძირითად წყაროს სილამაზისა და ტატუ სალონები წარმოადგენდა, ამიტომ უკვე რეგულაციის მიღება გახდა აუცილებელი, ვინაიდან საშინელი სურათი მივიღეთ. ადამიანი ავადდებოდა C ჰეპატიტით და ხვდებოდა, რომ ეს იყო ან სალონი ან სტომატოლოგიური დაწესებულება“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები