“ჩვენი ინიციატივა, დავაფუძნოთ სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და სწორედ იმიტომაა მნიშვნელოვანი ბიზნესის ხელშეწყობა, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა რადიო “თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მთავრობის ინიციატივა, დააფუძნოს სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი და მექანიზმები შექმნას, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა.
“ბიზნესისთვის ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა და ბიზნესის გაიოლება, ეს არის ნაბიჯი იქითკენ, რომ ბიზნესს შევუმსუბუქოთ ბიუროკრატიული ტვირთი, მაგრამ მეორე მხრივ,  ეს არის პირდაპირ გადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ცხოვრება გავუუმჯობესოთ. როცა რაიმე წარმატებებზე ვსაუბრობ, არ მინდა ერთი წამით ვინმემ ჩათვალოს, რომ ვერ ვხედავ, ან ვერ ვაცნობიერებ იმ სურათს რაც ქვეყანაშია. პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. განსაკუთრებით რეგიონებში, სოფლად, ცხოვრება არ არის საამური და შორსაა იქიდან, რომ იყოს საამური. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ხელი შევუწყოთ ბიზნესს, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიციები, რათა მეტი ადამიანი დასაქმდეს, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, სოფლად დავასაქმოთ ადამიანები და ინდუსტრიული მიმართულებები განვავითაროთ. ჩვენი ინიციატივა, დავაფუძნოთ სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი და მექანიზმები შევქმნათ, ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. ამის ძალიან წარმატებული პრეცედენტები არსებობს. ჩვენ ძალიან დაკვირვებით ვიზიარებთ იმ  წარმატებულ გამოცდილებას, რომელიც არსებობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ქვეყნებში და ისრაელში. ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსაც. ეკონომიკურმა საბჭომ უკვე განიხილა პროექტის პირველადი ვერსია და ალბათ, მაისში უკვე გავუშვებთ ამ მექანიზმს და დაიწყებს ფუნქციონირებას. რაც შეეხება სხვა ასეთ მექანიზმებს, რომლებიც უკვე გვაქვს, „აწარმოე საქართველოში“ და სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსება, არცერთი კაპიკი არ არის გადაგდებული. ყველა ეს კაპიკი ხმარდება კონკრეტულ საწარმოებს და არვითარ შემთხვევაში არ არღვევს კონკურენტულ გარემოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც მხოლოდ დამწყებ პერიოდს ემსახურება. მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“ პროცენტის სუბსიდირებას ახდენს მხოლოდ 2 წლის განმავლობაში, შემდეგ კი კომპანია შედის სრულ კონკურენციაში სხვა კომპანიებთან. ანუ, ჩვენ გავითვალისწინეთ საბაზრო კონიუნქტურა, გამოვიყენეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ამ გზით მივდივართ სტარტაპის დაფინანსების მექანიზმებშიც”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები