„გრემის“ მფლობელი მუსიკოსი, მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე – გიდონ კრემერი კონცერტს გამართავს

22 თებერვალს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი თბილისის განახლებული ოპერის თეატრში გიწვევთ! ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი „გრემის“ მფლობელ მუსიკოსს, მსოფლიოში აღიარებულ მევიოლინეს – გიდონ კრემერს მასპინძლობს.
ვირტუოზმა მევიოლინემ გია ყანჩელის საიუბილეო წელთან დაკავშირებით სურვილი გამოთქვა, ეწვიოს საქართველოს და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, თბილისელ მსმენელს უდიდესი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებების ქართული პრემიერა შესთავაზოს.
მაესტრო კრემერი თბილისს გუშინ ეწვია და 22 თებერვალს კონცერტს  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის განახლებულ თეატრში გამართავს.
გიდონ კრემერი მსოფლიოში სახელგანთქმულ კრემერატა ბალტიკას ხელმძღვანელობს და მსოფლიოს წამყვან სცენებზე მართავს კონცერტებს. მის სახელთანაა დაკავშირებული გია ყანჩელის მრავალი ნაწარმოების საპრემიერო შესრულება, რამდენიმე მათგანი კომპოზიტორმა სწორედ მაესტრო კრემერისათვის შექმნა. ამჟამად მევიოლინე ცნობილ ჩელისტთან – გიედრე დირვანაუსკაიტესთან ერთად ეწვევია თბილისს და გია ყანჩელის „სევდის ანგელოზებს“ შეასრულებს, რომელშიც გუნდის პარტიას გორის ბავშვთა გუნდი წარმოადგენს (ხელმძღვანელი – ნინო წიკლაური).
ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა 2013 წელს ჯერ კრონბერგის ფესტივალის ფარგლებში და რამდენიმე დღეში კი ბერლინის ფილარმონიაში შედგა, რომელიც ნიკოლოზ რაჭველმა იდირიჟორა.
აღნიშნული ღონისძიება ერთგვარი კონცერტი-აქცია გახლდათ, რომელშიც მონაწილე მუსიკოსებმა (გიდონ კრემერი, მარტა არგერიხი, დანიელ ბარემბოიმი, ემანუელ პაი, ხატია ბუნიათიშვილი, სერგეი ნაკარიაკოვი, ნიკოლას ალშტატი, ელისაბედ მოზერი, ნიკოლოზ რაჭველი, ესტონეთის გოგონათა გუნდი „შჩედრიკი“ და კრემერატა ბალტიკა) ერთხმად დაგმეს ძალადობა და ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების გათელვა რუსეთში.
22 თებერვალს აგრეთვე, გაიმართება გია ყანჩელის ახალი სიმფონიური თხზულების – NU MU ZU-ის საპრემიერო შესრულება, რომლის მსოფლიო პრემიერა 2015 წლის 5 ნოემბერს გაიმართა სიეტლში. ასევე შესრულდება კომპოზიტორის მიერ შექმნილი თხზულება TWILIGHT-ი ვიოლინოს, ალტისა და ორკესტრისათვის, რომლის პრემიერაც სწორედ გიდონ კრემერის შესრულებით გაიმართა ზალცბურგში 2005 წლის 27 იანვარს.
თბილისში კი გიდონ კრემერი ნაწარმოებს ახალგაზრდა აღიარებულ ალტისტთან – გიორგი ცაგარელთან ერთად შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები