ფაქისო მოჩოჩოკო: ნებისმიერ მოწმეს, რომელსაც დაემუქრება საშიშროება, შეუძლია მიმართოს ჰააგის სასამართლოს

ნებისმიერ მოწმეს, რომელსაც დაემუქრება საშიშროება, შეუძლია მიმართოს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს და მოითხოვოს დაცვა, – ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელმა ფაქისო მოჩოჩოკომ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო მზადაა, მოწმეები, რომლებიც ჩათვლიან, რომ რაიმე საფრთხე ემუქრებათ ან ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართონ.

“ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დაემუქრება საშიშროება, შეუძლია მიმართოს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს და მოითხოვოს დაცვა. საკმარისია მოგვმართონ, ჩვენ შევისწავლით, რა სახის მუქარა არსებობს, რის შემდეგაც შეგვიძლია მოწმეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენოთ. მოწმეებს არაფრის უნდა შეეშინდეთ იმის გამო, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ”, – განაცხადა მოჩოჩოკომ.

პროკურორის ოფისის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მოწმეთა დაცვის პროგრამა ორი ელემენტისგან შედგება და ითვალისწინებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დაცვას, ასევე უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მოწმისთვის ადგილსამყოფელის შეცვლა ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები