აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გაზეთ “ქრონიკა +”–ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.
“წავიკითხე “ქრონიკა+”-ში ოპონენტების მიერ, ჩემი და ჩემი კოლეგებისადმი მიძღვნილი მრავალგვერდიანი სტატია. არასოდეს გავქცევივარ ჯანსაღ კრიტიკას, მაგრამ როდესაც საქმე თითიდან გამოწოვილ ისტერიკაში გადასულ ბრალდებებს ეხება, ვერ გავჩუმდები. სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს. დღეს თუ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დათბობაში ვახტანგ ყოლბაიას გუნდს მოკრძალებული წვლილი შეაქვს, რატომ არ გიხარიათ? წარმომიდგენია, როგორ აანერვიულებდა მავანს ერთი კვირის წინ აფხაზი პაციენტების პერსონალური მადლობა აფხაზეთის მთავრობისა და პირადად ჩემი მისამართით.
რაც შეეხება ჩემს სამსახურებრივ მანქანას, თუ ჯერ არ გინახავთ, ვიწვევ ყველას, ვისაც თავი არ გენანებათ. რამდენიმე თვის წინ სასამართლოს მივმართე იმის გამო, რომ გაუგებარი იდეოლოგიის მქონე არსამთავრობო ნაციონალური ორგანიზაცია ცილს მწამებდა ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებით. სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ორგანიზაციას ჩვევაში გადაუვიდა საჯარო პირის დისკრედიტაციისკენ მიმართული შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელება.
უხერხული მოსასმენია ნეპოტიზმზე ლაპარაკი იმ ადამიანებისგან, რომლებიც ახლაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან და ამის აღიარებას ერიდებიან, თავს კი არასამათავრობო ორგანიზაციებად წარმოგვიდგენენ. მე თქვენგან განსხვავებით, ადამიანებს პარტიის წევრებად არ ვყოფ. როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებ, საქართველოს კანონმდებლობით ვხელმძღვანელობ. რაც შეეხება ბეჭდების, ლიფტების, კონიაკის და მაკარონის ამბავს, მგონია, რომ ეს ადამიანები იმ დროში არიან ჩარჩენილები, სადაც კარიერული წინსვლის მიღწევა ძღვენის სანაცვლოდ შეიძლებოდა. ხშირად ადამიანები ხომ იმას ფიქრობენ შენზე, რასაც თავად სჩადიან.
თქვენგან განსხვავებით, მეამაყება ჩემი სამსახური. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში ჩემი მცირედი წვლილიც შევიტანე. მეამაყება ისიც, რომ მათ შორის ეთნიკურად აფხაზი ბენეფიციარებიც არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემით მრავალჯერ შეგვეძლო პიარის გაკეთება, პოპულისტური განცხადებებისგან თავს ვიკავებდით, რადგან მთავარია შედეგი და არა პიარის გაკეთება. მე მინდა ჩემმა ხუთმა შვილმა სამართლიან გარემოში იცხოვროს. მავანს იმის უფლებას არ მივცემ, რომ ხელი შეგვიშალოს, თუნდაც ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ მიზანს, რომელსაც შინ, სოხუმში დაბრუნება ჰქვია. ვისაც ის თემა აღელვებს, რომ დღეს ჩვენი ექიმები ეთნიკურად აფხაზებს სამედიცინო დახმარებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთშიც უწევენ, ვფიქრობ, იოტისოდენადაც არ აქვთ გააზრებული, რომ აფხაზები ჩვენი დები და ძმები არიან. უნდა გაიგოთ, რომ შური და ბოღმა ცუდი მეგობარია”, – აცხადებს ქეთევან ბაკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები