ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს
თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს. საგარეო უწყება თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 17 თებერვალს, ანკარის ცენტრში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ახლოს, ინონუს ბულვართან, სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების გამო, რომლის შედეგადაც, ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა ოცზე მეტი და დაშავდა სამოცზე მეტი ადამიანი. თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ მომხდარი უკვე შეაფასა როგორც ტერორისტული აქტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, თურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.