კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს, კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.
მომხსენებლები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი იქნებიან, რის შემდეგაც კომიტეტის წევრები თავად კანდიდატს მოუსმენენ.
შეგახსენებთ, რომ კობა გვენეტაძეს ორი დღის წინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უკვე გაეცნო და მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ფარულ კენჭისყრაში პარლამენტის 9 წევრი მონაწილეობდა.
კითხვაზე – უჭერთ თუ არა მხარს გვენეტაძის კანდიდატურის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას, კენჭისყრაში მონაწილე 8 დეპუტატმა დადებითი პასუხი გასცა. შესაბამისად, წინააღმდეგი კომიტეტის მხოლოდ 1 წევრი წავიდა.
ცნობისთვის, კობა გვენეტაძე პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა საზოგადოებასთან კონსულტაციით შეარჩია. კომიტეტის სხდომა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, 13:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები