სკანდალური დოკუმენტი – რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხისძირის ხეებთან

„სკანდალური დოკუმენტი – რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხისძირის ხეებთან“, – ამ სათაურით გაზეთი “ახალი თაობა“ ციხისძირის მოვლენების თემაზე ჟურნალისტურ კვლევას აქვეყნებს, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ციხისძირიდან 3 ერთეული ხის გადარგვის საკითხი უკანასკნელ პერიოდში „ნაციონალურმა“ მედიამ ერთ-ერთ მთავარ თემად აქცია. „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებები ამ თემას ფართოდ აშუქებდნენ და აქტუალიზაციას ახდენდნენ. ხეების გადარგვის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებში თავიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტები და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ, შემდგომში მათ რიცხვს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – გივი თარგამაძე, ნუგზარ წიკლაური და კობა ხაბაზი შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია „ზიმოს“ მუშაობის შესაძლებლობას უზღუდავდნენ, რასაც საქმეში პოლიციის ჩართვა და ზოგიერთი პირის (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო) ადმინისტრაციული წესით დაკავება მოჰყვა.
საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მივიდა და აქციის მონაწილეებს პირადად გაესაუბრა. აქციის მონაწილეების პრეტენზიის პასუხად, რომლებიც გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხის გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია სრულად მოწესრიგებული არ ჰქონდა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხით პირადად დაინტერესდებოდა, მანამდე კი კომპანიას სამუშაოებს შეჩერებას სთხოვდა. დღეის მდგომარეობით, ციხისძირში სამუშაოები დროებით შეჩერდა და საპროტესტო აქციის მონაწილეების ხმაც მედიიდან აღარ ისმის.
-შექმნილი ხმაურის ფონზე, ყველასთვის საინტერესო გახდა, თუ რა ხდება რეალურად ციხისძირში, რა ღირებულება აქვს ხსენებულ 3 ცალ ხეს, რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური მედიისთვის და აქციებში მონაწილე არასამთავრობოებისთვის და რატომ აუჩუყდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს 3 ერთეულ ხეზე გული მაშინ, როდესაც, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჰექტრობით ხე-ტყე გაიკაფა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2006-2011 წლებში გაცემული ტყით სარგებლობის ლიცენზიებიდან 38 გრძელვადიანი ლიცენზია ჯერ ისევ მოქმედია და მათი ყოველწლიური ასათვისებელი რესურსი დაახლოებით 170.000 კბმ ხე-ტყეა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში წლიური ასათვისებელი მოცულობები, სხვადასხვა ფაქტორის გამო, 67.056 კბმ-ს აღარ აჭარბებს. ასევე ტყის ჭრა ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სოციალური მიზნებისთვის – მოსახლეობის მერქნულ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით და ყოველწლიურად ეს რიცხვი დაახლოებით 600.000 კბმ-ია. საკითხის შესწავლისას გაირკვა, რომ ციხისძირის შემთხვევაში საქმე ეხება ერთი ხეტიტას და ორი ევკალიპტის ხის გადარგვას ციხისძირის ტერიტორიიდან, რომელიც მოსახლეობისგან საკმაოდ შორს, სარკინიგზო ხაზის მომიჯნავე ტყეში დგას. ხეები არ შედიან წითელ ნუსხაში, არ წარმოადგენენ იშვიათ ენდემურ ჯიშს და არც რაიმე განსაკუთრებული სტატუსით არიან დაცულები. რაც შეეხება მათ ასაკს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ტყის რესურსის განახლების მიზნით საკაფად სწორედ 100 წელს მიტანებული და უფრო დიდი ასაკის ხეები ირჩევა და, შესაბამისად, ამ მხრივაც ციხისძირის ხეების ასაკი მათი გადატანის საწინააღმდეგო არგუმენტად ვერ იქნება გამოყენებული, რადგან წლოვანება ხეს ფასეულობას არ მატებს – პირიქით. მოცემული 3 ხე სახელმწიფოს ეკუთვნოდა და ზუსტად იგივე რეგულაციებით უნდა განეკარგა, როგორც ეს ჩვეულებრივ სხვა ხეების შემთხვევაში ხდება, იქნება ეს საშეშედ გამოყენება, თუ რაიმე სხვა მიზნით გასხვისება. ხეების ფასი აუდიტის მიერ იქნა დადგენილი და 3 ხის საფასურად შპს „ზიმომ“ სახელმწიფოს 6.200 ლარი გადაუხადა. შესაბამისად, კანონმდებლობით, ხეები შპს „ზიმოს“ საკუთრებას წარმოადგენს და მას მათი არათუ გადარგვის, არამედ პირდაპირ მოჭრის უფლებაც აქვს. აქვე თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოთ მოყვანილ ხე-ტყით სარგებლობის მასშტაბებთან შედარებით, ხმაურის მიზეზი 3 ხე ზღვაში წვეთიც არ არის და ეკოლოგები თუ ბოტანიკოსები ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავენ ამ 3 ხის გადარგვაში და მიაჩნიათ, რომ ეს ციხისძირის ეკოლოგიაზე უარყოფითად არ აისახება, მაშინ ეს საპროტესტო კამპანია კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება. ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ აქ ვიღაცები ან უბრალოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, ან რაღაც სხვა ინტერესი აქვთ, შესაძლებელია, ამ ორი კომპონენტის ერთობლიობასთანაც გვქონდეს საქმე. ამ ეჭვს, სავარაუდოდ, რეალური საფუძველი აქვს. კომპანია „ზიმოს“ ხელმძღვანელი ზურაბ კიკნაძე აცხადებს, რომ მას სამუშაოების წარმოებისთვის ყველანაირი საბუთი აქვს, ერთის გარდა, რომელიც მიწის კერძო მესაკუთრისგან უნდა მიეღო.
– აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს. რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქით გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი, რაც არ მაქვს, ეს არის რკინიგზის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე ტვირთის გატარების კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რადგან ტერიტორიის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ არის. მისი კომპანია დარე-გისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ამ პირს ეკუთვნის, – აღნიშნავს ზურაბ კიკნაძე.
საინტერესოა, ვისია ეს ტერიტორია და, ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, როგორ ვერ მოხერხდა ერთი მიწის მესაკუთრის პოვნა, რომლის გავლითაც უბრალოდ გადასარგავი ხის ერთჯერადი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს. ჩნდება კითხვა – ნუთუ მხოლოდ ამ დოკუმენტის არქონა იყო საპროტესტო აქციების მიზეზი? და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, დიახ, საქმე სწორედ ამ დოკუმენტში, უფრო სწორად, სავარაუდოდ, ამ დოკუმენტის უკან მდგომი მაქინაციური სქემის გაშიფვრაშია. კერძოდ, შპს „ზიმოს“ მიერ შესყიდული ხეების ტრანსპორტირების ერთადერთი შესაძლო მარშრუტი გადის კერძო საკუთრებაზე 90.000 კვ/მ ნაკვეთზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წლის 3 აგვისტოს გაცემული განკარგულების საფუძველზე, გაურკვეველ, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანია REDMAD FEDERATION INC -ს 1 ლარად გადაეცა. დოკუმენტებში არ ჩანს არც ამ კომპანიის წარმომადგენელი, არც ხელმომწერი მხარე და საერთოდ არცერთი საკონტაქტო პირი, ვისთანაც შესაძლოა, რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა დამყარდეს. სავარაუდოდ, სწორედ 1 ლარად გაცემული 9 ჰექტარი მიწის მაქინაცია ადარდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სწორედ ამ ფაქტის გახმაურების შიშით ატეხეს სკანდალი ხეების გადატანაზე, რადგან გადატანის შემთხვევაში აუცილებლად გაიშიფრებოდა სახელმწიფო ქონების მიტაცების ეს სკანდალური ფაქტი. ციხისძირის ტერიტორიაზე, ზღვის მიმდებარე ზოლში კვადრატული მიწის ფასი სავარაუდოდ რამდენიმე ათეული დოლარია, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ამ განკარგულებით სახელმწიფოს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალი მიადგა. და ეს ყველაფერი გაფორმდა ყოველგვარი საინვესტიციო პირობების გარეშე, პირდაპირი ჩუქების წესით და თანაც ისე, რომ ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, ეს ათეულობით მილიონი ლარის ქონება და სკანდალური დოკუმენტების გამოკვლევის შიში ამოძრავებდა გივი თარგამაძეს და „ნაციონალურ მოძრაობას“, როცა 3 ხის გამო ხმაურს ტეხდნენ და არც ციხისძირში ჩასვლა დაეზარათ. ვინ იცის, იქნებ ეს რომელიმე მათგანისთვის მათი გუნდის ლიდერის მხრიდან გაკეთებული პირადი საჩუქარიც იყო, ან უბრალოდ ლიდერის პირად ქონებას უფრთხილდებოდნენ. ფაქტი ერთია, „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს ადარდებდა ეკოლოგიის და ხეების ბედი და ამ 3 ხის გამო მათი ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის, დანაშაულებრივი ქმედება გაიშიფრა. რაც შეეხება იმ რამდენიმე გარემოს დაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელს, მათ მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები და კვლავ პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები