მორიგი თაღლითური სქემა თბილისში – უცხოეთში წამსვლელებს დევნილის სტატუსის მიღებას სთავაზობენ

„როგორ “ვიყიდოთ” ევროპაში პოლიტდევნილის სტატუსი?! – ფრთხილად, თაღლითების ქსელში არ გაებათ“,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.
სტატიის ავტორი წერს, რომ ერთ-ერთ გაზეთში განცხადება ამოიკითხა, სადაც უცნობი პიროვნება საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დევნილის სტატუსის მიღებაში დახმარებას სთავაზობდა.
„იქვე სახელი და ტელეფონი იყო მითითებული. დავრეკე, შუა ხნის მამაკაცი იქნებოდა. დევნილის სტატუსის “გამჩალიჩებელმა” მირჩია, ჯერ ვიზაზე მეზრუნა, პოლიტდევნილის სტატუსის მიღებაში კი მერე დამეხმარებოდა. დამპირდა, რომ შეთხზავს “ნაციონალურ ზღაპარს”, თითქოს “ნაცმოძრაობის” წევრი ვარ, რომელსაც დევნიან, იჭერენ, სცემენ, მოკვლით ემუქრებიან. ეს ამბავი ითარგმნებოდა ინგლისურად და ინტერნეტსაიტზე განთავსდებოდა ისე, რომ კომისია, რომელიც ჩემი დევნილობის სტატუსს განიხილავდა, დარწმუნებულიყო, უცხოეთში გაქცევამდე საქართველოში ჩემი ცოდვით ქვაც რომ იწვოდა და ამას მედიაც აშუქებდა. ეს 500 დოლარი დამიჯდებოდა. დამაჯერებლობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციაც მომცემდა ბეჭედდასმულ ცნობას და რეკომენდაციას, რომ პოლიტიკური მოტივით მდევნიან. ეს სერვისი კი 700 დოლარი დამიჯდებოდა, მაგრამ სანამ 700 დოლარის გადახდაზე მიდგებოდა საქმე, ბევრი რამ უნდა მომეგვარებინა. თავდაპირველად – ვიზა, რომელსაც ვერ ავიღებდი, თუ მაღალანაზღაურებადი სამსახურის ცნობა და საბანკო ანგარიშზე დანაზოგი არ მექნებოდა, თუმცა, ამ ცნობასაც გამიკეთებდნენ, რომლის ფასიც 500 დოლარით იწყება და ზემოთ მირბის. მოკლედ, ფულს გადავიხდიდი და ვიზასაც ჩამირტყამდნენ.
“კეთილმოსურნემ” მითხრა, ვიზა ლეგალური უნდა გქონდეთ, მაგრამ კომისიაზე რომ მოხვდებით, უნდა თქვათ, რომ თბილისის აეროპორტში შეიპარეთ და ქრთამის წყალობით შეაღწიეთ თვითმფრინავში, თორემ ისინი, ვინც მოკვლით გემუქრებოდნენ, იქვე, აეროპორტში აგიგებდნენ წესსო.
ჩემმა “გადამრჩენელმა” სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის ან რელიგიური მოტივით დევნილის სტატუსიც შემომთავაზა. მოკლედ, ისეთი გულუხვი აღმოჩნდა, ძალადობის ფორმისა და შინაარსის არჩევა მე მომანდო, ამბის შეთხზვა კი თვითონ იტვირთა. მირჩია, საქმე რომ არ გაჯანჯლდეს, ბელგიასა და ჰოლანდიას გირჩევ, ამ ქვეყნებში ხელმოცარვის ნაკლები შანსი გაქვსო. შევიცხადე, როგორ, ამდენი ფული უნდა გადავიხადო და სტატუსის მიღების 100- პროცენტიან განარტიას არ მაძლევთ-მეთქი? არც დაბნეულა, ისე მიპასუხა:„წარმოიდგინეთ, ომში მიდიხართ და აბსოლუტურად გამოუცდელს სროლას გასწავლით, ჯავშანჟილეტს და იარაღს გაძლევთ, ბრძოლისთვის გამზადებთ, მაგრამ გარანტიას ხომ ვერ მოგცემთ, რომ გადარჩებით, სიკვდილისგან ომში დაზღვეული ვინ არის?“.
თქვენს მოხერხებულობაზეც ბევრია დამოკიდებულიო, -დაამატა, შეძლებთ თუ არა დამაჯერებლად ლაპარაკს, ან როგორი ოფიცერი შეგხვდებათ. ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ვითარება. აქ რაც უფრო აიმღვრევა წყალი, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. ცოტა იღბალიც და ყველაფერი კარგად იქნებაო“, – წერს ავტორი.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, „კეთილმოსურნე“ სტატიის ავტორს არწმუნებდა, უცხოეთში გამგზავრების შემდეგ მასზე ამბების გადამოწმებას არავინ ეცდებოდა, რადგან ამას კონვენცია უკრძალავთ და ასეც რომ არ იყოს, საქართველოს საელჩოებში არავინ აღიარებს, რომ საქართველოს მოქალაქეებზე სახელმწიფო ძალადობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები