რა შინაარსის სმს-ი მისწერა კობახიძის თანაშემწემ ალეკო ელისაშვილს – კობახიძე მიმოწერას ასაჯაროებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე შეწყალების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელთან, ალეკო ელისაშვილთან გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსს კიდევ ერთხელ იხსენებს და ამბობს, რომ ელისაშვილისთვის შეტყობინება მის თანამშემწეს, თამარ მჟავანაძესაც აქვს გაგზავნილი.
როგორც დეპუტატმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, ელისაშვილი ვალდებული იყო, სმს-ები მტკიცებულების სახით შეენახა, რადგან მისი ტელეფონის დარაჯად ვერავინ დადგებოდა.
„თუ ვინმე მას უკანონობის შემცველ შეტყობინებას უგზავნიდა, რატომ მაშინვე არ ახდენდა რეაგირებას, ან მტკიცებულებას რატომ არ ინახავდა. თუ შენახული აქვს, გამოვიდეს და გაასაჯაროოს. სამწუხაროდ, მე არც მიფიქრია, რომ ასეთ სიბინძურეზე წავიდოდა, თორემ აუცილებლად შევინახავდი მისთვის გაგზავნილ სმს-ებს. შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით იგივე შინაარსის სმს-ი აქვს გაგზავნილი მასთან ჩემს ამჟამინდელ თანამშემწეს, რომელიც ალეკო ელისაშვილის პროდიუსერი იყო ტელეკომპანია „მაესტროზე“. მანაც მოიკითხა ერთ-ერთი საქმე რა ეტაპზე იყო და ელისაშვილისგანაც მიიღო პასუხი, რომ გაარკვევს და დაუკავშირდება. თამუნა თავად განახებთ ამ მიმოწერას. დაახლოებით იგივე შინაარსის სმს-ი მაქვს გაგზავნილი მეც და პასუხად მივიღე, რომ ვმუშაობთ დებულებაზე და ამის შემდეგ შევისწავლით საქმესო. ეს იყო და ეს. ამ შეტყობინებას თუ აღიქვამდა ელისაშვილი ზეწოლად, რატომ არ მიმითითა ან მე ან თუნდაც ყოფილ პროდიუსერს, რომ კანონს ვარღვევდით?! გადმოგცემთ ამ მიმოწერას და დასკვნები თავად მკითხველმა გამოიტანოს. ინფორმაციის მოკითხვა ჩემი პირადაპირი მოვალეობაა, როგორც დეპუტატის, და თუ ეს ასე არ არის დაგვიმტკიცოს საპირისპირო“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
„პრაიმტაიმი“ დეპუტატის თანამშემწეს, თამარ მჟავანაძესაც ესაუბრა, რომელმაც ელისაშვილისთვის გაგზავნილი სმს-ის შინაარსი გაიხსენა.
„ერთ-ერთმა თანამშრომელმა მთხოვა, იქნებ ალეკოსთან მომეკითხა მამამისის ამბავი, რომელიც პატიმარი გახლდათ და შეწყალების კომისიის სახელზე განცხადება ჰქონდა დაწერილი. მე ვერანაირი კანონდარღვევა ვერ დავინახე და, როგორც ჩანს, ვერც ალეკომ, რადგან მისგან სრულიად ნორმალური პასუხი მივიღე და დამპირდა, რომ გაარკვევდა და გამაგებინებდა. არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს, მითუმეტეს, ამავე საკითხზე ტელეფონის საშუალებითაც ვესაუბრე. მან მითხრა, რომ პატიმრის პირადი მონაცემები სმს-ით გამეგზავნა. ასეც მოვიქეცი და მისგან პასუხიც მივიღე. ეს იყო ჩვეულებრივი ამბის მოკითხვა. ქ-ნ მანანასაც მსგავსი შინაარსის მიმოწერა ჰქონდა ალეკოსთან და საწყენია, რატომ მიეცა ამ ყველაფერს სრულიად სხვა ინტერპრეტაცია“, – აღნიშნა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები