“თბილისი აღარ გეგმავს დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად“

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის განმარტებით, თბილისი აღარ გეგმავს დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად.
“ენგურჰესზე დღეს არსებობს შეზღუდვები. ერთი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ასე იქნებოდა და ჩვენ აღარ განვახორციელებდით იმპორტს რუსეთისგან აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს აბსოლუტურად ჩაქრებიან. არ ვაპირებთ ელექტროენერგიის შემოტანას ჩვენი აქეთა მომხმარებელების ხარჯზე. მათ თბილისზე მეტი ყოველდღიური მოხმარება აქვთ. მილიონნახევრიან ქალაქზე მეტი მოხმარება აქვს აფხაზეთს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ბაზები და მათი ოჯახები აქედან ვამარაგოთ? ბოდიში, მაგრამ ეს უკვე აღარ გაგრძელდება. მათ მოუწევთ იმ რესურსში ჩაკეტვა, რომელიც დღეს გააჩნიათ”, – განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ რაც აფხაზეთს სჭირდება და ფიზიკურად შეუძლია წაიღოს ენგური ვარდნილიდან, მას ეს მიაქვს.
“პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ რაც აფხაზეთს სჭირდება და ფიზიკურად შეუძლია, წაიღოს ენგური ვარდნილიდან, მას ეს მიაქვს. ეს არის ფაქტი. ზამთარში სჭირდება 100%, ზაფხულში ამდენი არ სჭირდება და ჩვენ გაგვაქვს ექსპორტზე. ენგურს ექსპორტი სავალდებულო წესით გააქვს, რომ საოპერაციო ხარჯები დაფაროს და ჩვენმა მოსახლეობამ არ გადაიხადოს ტარიფზე დამატებით აფხაზეთის მოხმარება. რაც უნდა ჩვენთვის მოგვეწოდებინა ენგურიდან და ვერ ვიღებთ, ვყიდულობთ რუსეთისგან და მას აქვს 20-ჯერ მეტი ფასი. პლუს ამას ყველა ის ინვესტიცია, რაც განვახორციელეთ. მესამე კომპონენტი არის თვითონ ელ.ენერგიის ფასი, რომელსაც 1 თეთრად მოიხმარს, მაგრამ არ იხდის”, – აცხადებს ვალიშვილი.
ვალიშვილის თქმით, 100 მილიონი აშშ დოლარი, არის ის თანხა, რაც დღეს ქართულ მხარეს უჯდება ენგურჰესი. ენგურჰესის გენერალური დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით კი, თუ აფხაზეთში ენერგომოხმარების საკითხები არ მოწესრიგდება, რაც მრიცხველების დაყენებასა და გადასახადების ამოღებას გულისხმობს, აფხაზეთი 2 წლის შემდეგ შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.
წყარო: „ნეტგაზეთი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები