ალექსანდრე კვიტაშვილი: ბოლო დროს სააკაშვილი უცნაურ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს

ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა და მისი თანამდებობებიდან გადადგომა მოითხოვა.
“კვირის პალიტრასთან“ საუბრისას კვიტაშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. მეტიც, კვიტაშვილი თვლის, რომ ოდესის გუბერნატორი ბოლო დროს უცნაურ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს.
“სააკაშვილის განცხადებები აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. გაუგებარია, რა მტკიცებულებებს ემყარება, როცა კორუფციაში ჩემს მონაწილეობაზე მიანიშნებს. ბოლო დროს ოდესის გუბერნატორი ყველას მისამართით უცნაურ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს“, – აცხადებს კვიტაშვილი.
რაც შეეხება სააკაშვილის ოპოზიციაში შესაძლო გადასვლას და უკრაინის პრემიერ-მინისტრობას, კვიტაშვილი აცხადებს, რომ ამ გზით პრემიერად მოსვლა ძნელი იქნება.
“მოგეხსენებათ, უკრაინაში კოალიციური ხელისუფლებაა, სადაც, ძირითადად, ორი პოლიტიკური ძალის ინტერესებია გაერთიანებული. არარეალურია, რომ სიდიდთ მეორე ფრაქციამ საკუთარ კვოტაზე უარი თქვას და იაცენიუკის თანამდებობაზე სააკაშვილი დაინიშნოს. ამ ვითარებას სააკაშვილიც საღად აფასებს. ვერ ვიტყვი, რომ ოდესაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ოდესელებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. უკრაინაში კორუფციულ კლანთან ბრძოლა არც ისე იოლია“, -აცხადებს კვიტაშვილი.
კვიტაშვილი ამბობს, რომ ბრალდებების შემდეგ სააკაშვილისთვის არ დაურეკავს.
“მასთან დაკავშირება არასასდროს გამჭირვებია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ახლა არაფრის გარკვევა არ მიცდია. ვერც ვიკადრებდი მისთვის კითხვის დასმას“, -აღნიშნავს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი.
რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილმა კვიტაშვილი იაცენიუკის გუნდის წევრად მოიხსენია, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სააკაშვილს შესაძლოა, მცდარ ინფორმაციას აწვდიან.
“არ ვიცი, ეს პოლიტიკური ეჭვიანობის გამო ხდება, თუ სააკაშვილს მცდარ ინფორმაციას აწვდიან… მე პროცესებს ასე ვუყურებ. უკრაინას რეფორმები სჭირდება, ამიტომ ფლანგებად დაყოფა საქმეს არ არგებს. იაცენიუკი უკრაინის პრემიერია, მე კი მთავრობის წევრი. როგორ ფიქრობთ, სხვების საამებლად უკრაინისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს მივიღებ? ვიცი, ამას არც სააკაშვილი ელოდება“,- ამბობს კვიტაშვილი და აღნიშნავს, რომ უკრაინაში კარიერის შექმნას არ გეგმავს.
„განცხადება პარლამენტში შევიტანე, მაგრამ მხარდაჭერა ვერ მივიღე. მერე კი ისეთი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, განაცხადი, პრემიერის თხოვნით, უკან გამოვიტანე. უკრაინაში კარიერის შექმნას არ ვგეგმავ, უბრალოდ, დღეს უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავარ, რომ პრობლემების გადალახვაში დავეხმარ. თუ ჩათვლიან, რომ ვჭირდები და ვრჩები“,-აცხადებს კვიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები