მოჭიდავეთა ნაკრების 6 წევრს შესაძლოა, დოპინგის მოხმარების ფაქტი დაუდგინდეს

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების 6 წევრს დოპინგის გამოყენებაში ადანაშაულებენ. გაზეთ „ლელოს“ ინფორმაციით, შემოწმება ისევ გრძელდება და არაა გამორიცხული, ეს სია კვლავ გაიზარდოს.
გამოცემა, საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს წესებიდან გამომდინარე, სპორტსმენთა ვინაობას არ ასახელებს, რადგან ჯერ მათ ანალიზის პასუხები არ ჩაბარებიათ. ამას საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო დღეს გააკეთებს, რის შემდეგაც ათლეტებს გასაჩივრების საშუალება ექნებათ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ბრალდებულთა შორის უმეტესობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია, მაგრამ არიან ბერძნულ-რომაულიდანაც. ერთ-ერთი სპორტსმენისთვის დოპინგის გამოყენების დამტკიცების შემთხვევაში მეორე ჩავარდნა იქნება, რაც მას სამუდამო დისკვალიფიკაციით ემუქრება.
“ბრალდებულთა უმეტესობა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულია, თუმცა არიან პრიზიორებიც, ერთ-ერთ წონაში კი ფინალისტთა წყვილზეა ლაპარაკი. ეს ტესტები იანვარში, საქართველოს წლევანდელ პირველობაზეა აღებული. დამტკიცების შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ ამ ტურნირზე მოპოვებული მედლები, შეუჩერდებათ ხელფასი და აეკრძალებათ ტურნირებში გამოსვლა, ნაკრებთან ვარჯიში და შეკრებაზე წასვლაც კი”, – ნათქვამია სტატიაში.
სპორტსმენებს მიეცემათ დისკვალიფიკაცია, რომლის ვადასაც საერთაშორისო ფედერაცია განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები