რა ინფორმაციის გამჟღავნება აუკრძალა მაგდა პაპიძემ ომბუდსმენს

იყო თუ არა შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 3 თვის ფეხმძიმე, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, მას პოლიციაში აწამებდნენ და ამის შედეგად მან ბავშვი დაკარგა?! – ამ კითხვით გაზეთი „პრაიმტაიმი“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბრალდებულის დამ და დედამ სატელევიზიო ტოქშოუებში აღნიშნულის შესახებ საჯაროდ განაცხადეს.
„პრაიმტაიმი“ ინფორმაციის გარკვევას რამდენიმე უწყებაში შეეცადა. როგორც გამოცემასთან საუბრისას სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია კაციტაძემ განაცხადა, დეტალურად ამ თემაზე საუბარი სახალხო დამცველის აპარატს თავად ბრალდებულმა აუკრძალა.
„მაგდა პაპიძე ჩვენ მაშინაც მოვინახულეთ, როდესაც ის დააკავეს და მას შემდეგაც, რაც ეს ახალი ინფორმაციები მედიაში გაჟღერდა. კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებითაც გვქონდა მასთან საუბარი, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე, სამწუხაროდ, ვერ გესაუბრებით, რადგან თვითონ არ მოგვცა თანხმობა, რომ ამაზე ვისაუბროთ. გვითხრა, რომ არ უნდა ამ ეტაპზე დეტალების გახმაურება. ამასთანავე, ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას გამოვითხოვთ როგორც პროკურატურიდან, ისე საავადმყოფოდან და ასევე, ექსპერტიზის ბიუროდან. იცით, რომ ექსპერტიზა დანიშნული იყო მისი ჯანმრთელობის მსდგომარეობასთან დაკავშირებით. დოკუმენტების გამოთხოვებაზე თანხმობა მოგვცა. ის რამდენჯერმე იყო წაყვანილი საავადმყოფოში, მაგრამ დეტალებზე საუბრის შესახებ თანხმობას არ გვაძლევს. ჩვენ ინფორმაციები მასთან დაკავშირებით გვაქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ დეტალებზე, გარდა დაზიანებებისა, მისგან თანხმობა არ გვქონია, რომ გვესაუბრა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა კაციტაძემ.
ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ როდესაც „პრაიმტაიმი“ პაპიძის დას დაუკავშირდა იმ თემაზე სასაუბროდ, რომელზეც იგი ორი დღის განმავლობაში სატელევიზიო შოუებში საუბრობდა, უპასუხა, რომ ბრალდებულმაც და ადვოკატმაც აღნიშნულ თემაზე საუბარი სასტიკად აუკრძალეს. „მე და დედაჩემს სასტიკად აგვიკრძალეს ამ თემაზე ინტერვიუს მიცემა მაგდამაც და ადვოკატმაც“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ლანა პაპიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები