კოტე გოგელია დავით კეზერაშვილთან მოლაპარაკებას აგრძელებს?!

კოტე გოგელია დავით კეზერაშვილთან მოლაპარაკებას აგრძელებს?! – ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში “მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი ვერსიით, კოტე გოგელიას “მაესტროსთვის” 54-მილიონიანი ვალის გაცემა თავიდანვე გათვლილი ჰქონდა – ტელევიზია გაკოტრებამდე უნდა მისულიყო, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა, დანარჩენი დამფუძნებლები ნელ-ნელა გზიდან ჩამოეცილებინა და ტელეკომპანიის სრულუფლებიანი მფლობელი გამხდარიყო.
ამავე ვერსიის მიხედვით, აღნიშნული გეგმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, “მაესტროს” 100%-იანი წილი დავით კეზერაშვილს უნდა შეეძინა, თანაც საკმაოდ სოლიდურ ფასად.
„გოგელია რომ ტელევიზიის მართვიდან გასვლასა და კუთვნილი წილის გაყიდვას გეგმავდა, ეს იმითაც დასტურდება, რომ ირაკლი რუხაძესთან “მაესტროს” საკითხზე მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მართავდა. თუმცა პატარკაციშვილის ფინანსისტისგან სასურველი ცხრა მილიონი, მოგვიანებით კი, ვერც ხუთი მილიონი მიიღო. სავარაუდოდ, გოგელიასთან ვაჭრობის შემდეგ რუხაძემ ბევრად მარტივი გამოსავალი გამონახა და “მაესტრომდე” მისასვლელი გზა ნახევარ ფასად, გია გაჩეჩილაძის საშუალებით იპოვა. პროცესში მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გია გაჩეჩილაძემ “მაესტროს” გაკოტრების დაწყების გამოცხადებისთანავე დაასახელა. ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, გოგელია კეზერაშვილთან ახლაც აგრძელებს მოლაპარაკებას იმ შემთხვევისთვის, თუ ტელეკომპანიის გაკოტრების საქმე ბოლომდე მაინც მივიდა“, – წერს “კვირის პალიტრა“ .
გია გაჩეჩილაძე კი აცხადებს, რომ გეგმა, რომლითაც კეზერაშვილს ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდოდა, ჩაიშალა.
“როგორც კი, გადაბაძემ “მაესტროს” გაკოტრებაზე განაცხადი სასამართლოში შეიტანა, მაშინათვე ვთქვი, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება კეზერაშვილს უნდოდა. მადლობა ღმერთს, ეს გეგმა ჩაიშალა, ახლა კი, ეთერ გადაბაძე და ნიკოლოზ გვარამია სახელმწიფოს დაშანტაჟებას ცდილობენ. რადგან მედიის წარმომადგენელი ხარ, საკუთარ თავს ყველაფრის კეთების უფლება უნდა მისცე? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე არსად ხდება! როგორც გითხარით, მე მაინც ვერავინ შემაშინებს – “მაესტრო” ისეთი ტელევიზია გახდება, როგორიც მას ეკადრება, ყველა კითხვას მალე გაეცემა პასუხი. მანამდე სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვო და ტელევიზიის დირექტორად ჩემი ძმა დაინიშნოს. კოტე გოგელია ირაკლი რუხაძესთანაც მართავდა წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს… მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმე ვითარებაში მიმდინარეობდა, ამიტომ დეტალების გახმაურებაც საჯაროდ არ მინდა. რეალობა კი, მართლაც, ასეთია – ტელევიზიაში აჟიოტაჟის შექმნითა და შანტაჟით გოგელია ტელევიზიის ღირებულების გაზრდას ცდილობს, “მაესტროს” გაკოტრებას არ დავუშვებ, ეს წარმოუდგენელია“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები