გიგლა აგულაშვილი სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონის სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კოლხეთის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ ნადირობისა და ტერიტორიის საზღვრებში სანადირო იარაღით გადაადგილების საკითხები განიხილეს.
მონადირეების განცხადებით, დაცული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ ნადირობის დამაბრკოლებელ ფაქტორს დაჭაობებული და სავალად უვარგისი ტერიტორიები წარმოადგენს. მონადირეები დაცული ტერიტორიის ფარგლებში იარაღით გადაადგილების უფლებას ითხოვენ.
გიგლა აგულაშვილის განცხადებით, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფარგლებში იარაღით გადაადგილება აკრძალულია.
შეხვედრას, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.