პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში აქცენტი ამერიკისა და ინდოეთის სამიზნე ბაზრებზე გაკეთდება

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის წახალისების მიმართულების კონკრეტული საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კინოსა და რეკლამის ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ახალი სახელმწიფო ინიციატივის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებში, კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ, საქართველოში გადაიღონ ფილმი, ასევე სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებმა კინოსა და რეკლამის სფეროს წარმომადგენლებს გააცნეს და მათგან კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები მოისმინეს. სააგენტოს წარმომადგენლებმა ასევე დეტალურად განმარტეს ვებგვერდზე: www.filmingeorgia.ge არსებული აპლიკაციის შევსებისა და პროგრამაში ჩართვის კონკრეტული პროცედურები.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროგრამის პოპულარიზაცია იგეგმება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. პროგრამის ფარგლებში აქცენტი კეთდება სამიზნე ბაზრებზე ამერიკისა და ინდოეთის მასშტაბით, სადაც Road Show-ების გამართვის მეშვეობით პროგრამის შესახებ ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენაა დაგეგმილი.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ მიზანია საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს. ახალი კომპონენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით.
პროგრამის ფარგლებში ინერგება ე.წ cash rebate მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს. აღნიშნული მექანიზმი მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ეყრდნობა და საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური გარემოს განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
პროგრამა შემუშავდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.
სააგენტო საერთაშორისო პროდიუსერებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად დაინტერესებულ მხარეს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მომსახურებას სთავაზობს, რაც მომართვის შედეგად პროდიუსერისთვის სასურველი ლოკაციების მოძიებაში, კინოგადაღების დაგეგმვაში, ნებართვების მიღებასა და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციაში კონსულტაციის გაწევასა და დახმარებას მოიაზრებს.
ახალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და პროგრამაში ჩასართავად საჭირო აპლიკაციის ფორმის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.filmingeorgia.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები