თინა ხიდაშელი: გვქონდა ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვი პანკისთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდა

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვი პანკისთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “ვერსიასთან” ინტერვიუში აცხადებს.
თინა ხიდაშელის თქმით, სწორედ ამიტომ აღნიშნულ განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე მთავრობის და მედიის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველამ ნახა, რომ იქ მსგავსი არაფერი ხდება.
“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ლავროვი პანკისთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდა, ამიტომ რამდენიმე კვირით ადრე ჟურნალისტებთან ერთად ვერტმფრენებით ჩავფრინდით, რომ ხეობის დათვალიერების საშუალება ჰქონოდათ. მედიის წარმომადგენლები სოფელ-სოფელ ვატარეთ, მითითებები არ მიგვიცია, მუშაობისთვის სრული თავისუფლება მივეცით. ყველამ ნახა, რომ იქ მსგავსი არაფერი ხდება. ადამიანები იქაც გზაზე, სკოლის აღდგენაზე ლაპარაკობენ. ვნახეთ, გოგოები, რომლებსაც თექის საამქრო აქვთ. ვითარების დემონსტრირება მანამ მოვახდინეთ, სანამ აპოკალიფსს დახატავდნენ, თითქოს პანკისში ISIS-ის საწვრთნელი ბანაკებია.
არ ვაპირებთ, ვინმეს რამე ვუმტკიცოთ, არც თავის მართლების პოზაში ვდგებით, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოსახლეობა იყოს მშვიდად. მარტივი პასუხი გვაქვს – აგერ არის პანკისის ხეობა, ვისაც აინტერესებს, თავად ნახოს, რა ხდება იქ. ზოგადად, განიარაღების საუკეთესო საშუალება გამჭვირვალობა, ინფორმაციის მიწოდებაა,” – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები