იუსტიციის საბჭოს წევრმა მოსამართლეთა გამოცდების ტესტების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის ფაქტი დაადასტურა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოსამართლეთა ტესტირებაზე ისაუბრა და ტესტების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოში ამ დროისთვის მოკვლევა მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, საქმის მასალები შესაბამის სამსახურს გადაეცემა.
„ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, რომ სასამართლოს გარშემო აჟიოტაჟი არ ცხრება. პროცესები ჩვეულებრივ ფარგლებში მიმდინარეობს. რაც შეეხება მოსამართლეთა ტესტირებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ საკითხზე კვლევა მიმდინარეობს, თუკი გამოკვლეული მასალებით დადგინდება და თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, საქმის მასალები შესაბამის სამსახურს გადაეცემა. ქვეყანაში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ჯერ სწორად უნდა გამოვიკვლიოთ და შემდგომ გავახმაუროთ. მომავალ კვირაში საკითხი ალბათ სრულად გამოიკვეთება და საბჭო განცხადებას გააკეთებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამ მოხდა. გაჟონვა ნამდვილად მოხდა, ამას ვადასტურებ. ტესტებზე ხელი ძალიან მცირე წრეს მიუწვდებოდა და ბევრი ნაწერია გამოსაკვლევი იმის დასადგენად, თუ რამდენ პიროვნებასთან გაჟონა ამ ინფორმაციამ“, – აღნიშნა სოფრომაძემ.
მოკვლევის დაწყებამდე მოსამართლეთა ტესტირების შესახებ სკანდალური განცხადება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ახვლედიანმა გააკეთა. მოსამართლე ახვლედიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, თუმცა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა კახა სოფრომაძემ განმარტა, დისციპლინურ დევნას ახვლედიანის სკანდალურ განცხადებასთან საერთო არაფერი აქვს.
„დისციპლინური დევნა არანაირად არ უკავშირდება ტესტებთან მიმართებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას. გუშინ თავად მან გაასაჯაროვა, რომ მის მიმართ დევნა დაწყებულია, თორემ ამის შესახებ მე საჯაროდ ვერაფერს ვიტყოდი. რაც შეეხება ტესტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, არ ვიცი მას ამის შესახებ ინფორმაცია საიდან ჰქონდა, მან მოვლენებს დაასწრო. ეს ადამიანი, მე მგონი, ცოტას ჩქარობს, თუმცა რა არის ამის მიზეზი, არ ვიცი. ბატონი მამუკა ბოლო დროს ძალიან აქტიურია, პირდაპირ გეტყვით, მე არ მახსოვს აქტიური ახვლედიანი, თუმცა რას უკავშირდება მისი ეს საქციელი, ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა კახა სოფრომაძემ.
სოფრომაძე მიიჩნევს, რომ დასაწყებია შიდა მოლაპარაკებები იმაზე, თუ რა პრობლემებია სასამართლო უწყებაში. მისი თქმით, უნდა გადაწყდეს პრობლემები იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც საბჭოს შეუძლია. თუკი საბჭო ამას ვერ შეძლებს, გარკვეული საკითხები საკანონმდებლო დონეზე იქნება მოსაწესრიგებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები