არჩილ თალაკვაძე: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის შესახებ კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან
“დღეს არსებული კანონმდებლობითაც სახელმწიფოს იმის უფლება აქვს, რომ ვიდეოტექნიკა გამოიყენოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის შესახებ კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან. “მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დღეს არსებული კანონმდებლობითაც სახელმწიფოს იმის უფლება აქვს, რომ ვიდეოტექნიკა გამოიყენოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არანაირი კავშირი ამას ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან არ აქვს. ამის მიკერება მოხდა ჩემი აზრით სპეციალურად, რომ მომხდარიყო ამ პროექტის დისკრედიტაცია და რაღაც მითი შექმნილიყო, რომ სახელმწიფო იწყებს ტოტალურ კონტროლს. რა ტოტალურ კონტროლზეა საუბარი, სახელმწიფოს თუ უნდა რომ მოქალაქემ ეს ვერ გაიგოს რატომ უნდა დააანონსოს ეს რეფორმის სახით, ან რატომ უნდა დააყენოს ნიშანი ან ავტომანქანაში რატომ დაამონტაჟებს კამერას. ეს გამოცდილება არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ვიდეო მონიტორინგმა ზოგადად საგზაო მოძრაობის სფეროში შეამცირა შემთხვევათა რაოდენობა 30-40 პროცენტით. ეს არის შედეგი რომელსაც ჩვენც გვინდა მივაღწიოთ“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.