ირაკლი შოთაძე ჯეიმს ვოლშს შეხვდა
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯეიმს ვოლშს შეხვდა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილეები: მამუკა ვასაძე, გიორგი გოგაძე, გიორგი გაბიტაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი ესწრებოდნენ.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში რეფორმებისა და განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, პროკურატურის ინსტიტუციური განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო პროკურატურის თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების კუთხით გადამზადების აუცილებლობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ირაკლი შოთაძემ ჯეიმს ვოლშს მადლობა გადაუხადა პროკურატურის თანამშრომლების გადამზადების კუთხით გაწეული დახმარებისთვის. მხარებმა საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.