დავით ნარმანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროსს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილეებთან, გიორგი ლილუაშვილთან და ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროს ბანკირს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა: თბილისის მეტროპოლიტენის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, შეჯერება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უნდა მოხდეს, რათა მეტროს პროექტის შემდგომ განვითარებაზე მომზადდეს კვლევა.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა დასუფთავებისა და გარე განათების საკითხებზე.
„მნიშვნელოვანია, რომ მყარი ნარჩენების მართვის კუთხით ქალაქში არსებული მდგომარეობის შეფასებაზე EBRD-თან ერთად უკვე ვმუშაობთ. ჩვენ გვჭირდება დასუფთავების ტექნიკის განახლება, ასევე აღსანიშნავია კონტეინერების განაწილების, თვითონ ნარჩენების გატანის სისტემის ოპტიმიზაცია და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ შესწავლა, რაც დაწყებულია.
გარე განათების პროექტში ინტერესთა გამოხატვის მეორე ეტაპისთვის ასევე გვჭირდება, რომ ჩვენთან არსებული განათების სისტემის დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მოხდეს.
შესწავლილ იქნას ტექნიკურად რომელ ქუჩებზე, რა ტიპის სანათები გვჭირდება და სწორედ ამაზე დაყრდნობით, შემდეგ უკვე მოხდეს კონკრეტული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება, სადაც დაინტერესებული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროს ბანკირთან შეხვედრას, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.