მოლდავეთი „დელტას“ მიერ დამზადებულ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებს შეისყიდის
მოლდავეთი სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით დაინტერესდა.
როგორც “კვირას“ „დელტაში“ განუცხადეს, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და წინასწარი შეთანხმება მოლდავეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.
პირველ ეტაპზე საუბარია 200 “საცეცხლე წერტილზე”, რომელიც ქვეყნის ნახევარს დაფარავს.
“როდესაც ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, ჩვენი სპეციალისტები ჩავლენ ადგილზე, რომ სრულად დანერგონ ინტეგრირებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც მოიცავს
არა მარტო 200 საცეცხლე წერტილს, არამედ მის კომპიუტერიზებულ მართვის ცენტრს“,- განუცხადეს “კვირას“ „დელტაში“.
წინასწარი ინფორმაციით, კონტრაქტის ფასი 10 000 000 დოლარი იქნება, თუმცა “დელტაში“ აცხადებენ, რომ თანხა შესაძლოა, გაიზარდოს. მოლაპარაკებების ფარგლებში ხვალ “დელტას“ სპეციალური დელეგაცია ვიზიტით მოლდავეთს ეწვევა. ქართული დელეგაციის მიზანია, ზუსტად განსაზღვროს ტექნიკური დავალება და კონტრაქტის პირობები.
“10 მილიონი არის კონტრაქტის წინასწარი შეფასება. ქართული დელეგაციის მიზანია, ზუსტად განსაზღვროს ტექნიკური დავალება და კონტრაქტის პირობები, რის შედეგადაც აღნიშნული თანხა დაზუსტდება და შესაძლებელია გაიზარდოს, თუმცა რა ოდენობით, ეს მხოლოდ
ვიზიტის შემდეგ გაირკვევა“,-აღნიშნავენ “დელტაში“.
როგორც “კვირასთვის“ გახდა ცნობილი, “დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით დაინტერესება სხვა მხარეებმაც გამოთქვეს. თუმცა “დელტაში“ ამ ეტაპზე კონკრეტული ქვეყნების დასახელებისგან თავს იკავებენ.