იუსტიციის სამინისტროში სამთავრობოთაშორისი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამთავრობოთაშორისი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების თემა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში გამოცდილების გაზიარება და ამ საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ გახსნა.
ქართულმა მხარემ სტუმრებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო, რომლის მთავარი მიმართულებები დანაშაულის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და პროაქტიული გამოძიებაა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლთა დაცვის კომპონენტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის, ტრეფიკინგთან ბრძოლის კონტექსტში ქართულ-თურქული თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები