თბილისში ალექსანდრ როგოისკის მემორიალური დაფა გაიხსნა
თბილისში ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრ როგოისკის მემორიალური დაფა გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შენობა, სადაც ამჟამად ბანკის სათავო ოფისი მდებარეობს, ალექსანდრ როგოისკიმ მაშინდელი კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოებისთვის 1912 წელს დააპროექტა. სწორედ ამიტომ, არქიტექტორის მემორიალური დაფა, სათავო ოფისის შენობაზე განთავსდა.
ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, “თი-ბი-სი” ბანკის ხელმძღვანელებთან და საქართველოში პოლონეთის ელჩ ანჟეი ჩიეშკოვსკისთან ერთად, დაესწრო.
დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქში 17 შენობა-ნაგებობაა, რომლებიც პოლონელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. საინფორმაციო დაფა ყველა მათგანზე განთავსდება.
„აღნიშნული პროექტი გასულ წელს დავიწყეთ პოლონეთის საელჩოსთან ერთად და მიზნად ისახავს პოლონელი არიტექტორების მიერ მე-19 და მე-20 საუკუნეებში დაპროექტებული შენობა-ნაგებობების ფასადზე საინფორმაციო დაფების განთავსებას. თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ და ტურისტმა უნდა იცოდეს, თუ ვის მიერ არის თავის დროზე შექმნილი ესა თუ ის შენობა. დედაქალაქში 17 ასეთი ობიექტია. თითოეული მათგანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ. ამასთან, ჩვენი მიზანია, მომავალ თაობებს ისე გადავცეთ, რომ მათი კულტურული ფასეულობები შენარჩუნდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები.