გერმანიაში სარკინიგზო კატასტროფის დროს დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა (ფოტოკოლაჟი)
გერმანიის სამხრეთ ნაწილში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. თავდაპირველად ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ გავრცელდა. 50-მა ადამიანმა სერიოზული ტრავმები მიიღო, ხოლო 15 – კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
შეჯახება მიუნხენიდან 60 კილომეტრში, ქალაქ ბად-აიბლინგის სიახლოვეს მოხდა. ერთ-ერთი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და მისი რამდენიმე ვაგონი გადაბრუნდა.
პოლიციის ინფორმაციით, კატასტროფის მომენტში მატარებლები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, ეს ბოლო წლებში ბავარიაში მომხდარი ყველაზე სერიოზული სარკინიგზო კატასტროფაა. სამაშველო ოპერაციაში, გერმანელების გარდა, ავსტრიელი მაშველებიც მონაწილეობენ.