ჯანდაცვის სამინისტროში კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, სამი კლინიკის – „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია მოხდება. ეს იქნება კერძო და საჯარო თანამშრომლობის პირველი ერთობლივი პროექტი. PPP ფორმატის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა, რომელთაგანაც გამარჯვების პრეტენდენტი კონსორციუმი „ალფამედიკი “გახდა.
კომპანიამ წარმოადგინა კლინიკების განვითარების საკუთარი კონცეფცია, რომელიც 36 თვეზეა გაწერილი და სამი კლინიკის რეკონსტრუქციასა და აღჭურვას მოიცავს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ბავშვთა ინფექციურისა და ონკოლოგიური ცენტრის ნაწილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსდება. სამუშაობის დასრულების შემდეგ კი რეაბილიტირებულ შენობებში დაბრუნდება.
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და შეიმუშაოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიული ქსელი.
პრეზენტაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ესწრებოდნენ.