თოფაძე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებზე: არ მაინტერესებს მათთან შეხვედრა, თუ უნდათ, შევხვდები, მაგრამ მე ვეახლო?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდეს.
როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მას „სულ არ მაინტერესებს მათთან შეხვედრა“, მაგრამ თუ მშობლებისა და ორგანიზაციების სურვილი იქნება, თოფაძე მზადაა, ისინი საკუთარ ოფისში მიიღოს.
„სულ არ მაინტერესებს მათთან შეხვედრა. ასეთები ძალიან ხშირად ხდება. ამას თავის შემსრულებლები ჰყავს. მე მათ კოსმოპოლიტებს ვეძახი, ისინი ფინანსდებიან და ცხოვრობენ უცხოური გრანტებით, ქვეყნის ინტერესებს კი მეორე პლანზე აყენებენ. ესენი ბევრნი არიან. მე თუ შემეშალა, ბოდიშს ვუხდი მთელ საზოგადოებას. მზად ვარ, შევხვდე მათ, მაგრამ მე რატომ ვეახლო? მობრძანდნენ ჩემთან, პარტიის ოფისი მაქვს, 100 კაცს მოვათავსებ იმ ოფისში. მივიღებ და ავუხსნი. მე უნდა მივმართო მათ? მე უნდა მივიდე? დავთქვათ დღე და მივიღებ. მშვენიერი დარბაზი მაქვს. მე მათ საქვეყნოდ მოვუხადე ბოდიში. მე საერთოდ არ მიმაჩნია პატრიოტად ის ხალხი, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება“, – აღნიშნა თოფაძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, „ბატონო გოგი, ისე გამოდის, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს აკავშირებთ, უცხოეთიდან დაფინასებულებთან“ „ კი, ეჭვი გეპარებათ?“- განაცხადა ჟურნალისტის პასუხად დეპუტატმა.