მოსკოვი ანკარისაგან თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ბოდიშის მოხდას ელოდება
მოსკოვი ანკარასთან უმაღლეს დონეზე პირდაპირი კონტაქტებისგან თავს იკავებს, – ამის შესახებ გაეროში თურქეთის წარმომადგენელმა ხალით ჩევიკმა განაცხადა.
„24 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რუსული მხარე, სამწუხაროდ, პირდაპირი კონტაქტებისგან თავს იკავებს“, – ნათქვამია დიპლომატის წერილში, რომელიც მან გაეროს უშიშრეობის საბჭოს თავმჯდომარეს გაუგზავნა.
წერილი 3 თებერვალს იმის გამო იყო გაგზავნილი, რომ 29 იანვარს რუსულმა ბომბდამნშენმა ‘სუ-34“-მა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.
რუსი დიპლომატების განცხადებით კი, მოსკოვი ანკარისგან ოფიციალურ ბოდიშს ელოდება 24 ნოემბერს „სუ-24“-ის ჩამოგდების გამო, ასევე დამნაშავეების დასჯას და ზარალის ანაზღაურებას. ამის შესახებ თურქეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კარლოვმა განაცხადა.
„რუსეთის პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს თურქეთმა ამ კრიზისის მოსაგვარებლად. ჩვენ თურქეთის მხრიდან ოფიციალურ ბოდიშს ველით. ანკარის განცხადებები იმის შესახებ, რომ თურქეთი მომხდარის გამო სინანულს გამოთქვამს, საკმარისი არ არის. ამიტომ შემდეგი სვლა თურქულმა მხარემ უნდა გააკეთოს“, – აცხადებს კარლოვი.
მისივე თქმით, ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში რუსეთ-თურქეთის ურთირთობების მოგვარება შეუძლებელია.