მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობას, მათ შორის საკუთარ თანაგუნდელებს აკრიტიკებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არსენ იაცენიუკს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კორუფციაში და რეფორმების განუხორციელებლობაში ადანაშაულებს.
როგორც სააკაშვილმა გადაცემა „შუსტერ ლაივის“ ეთერში განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, მაგალითად, გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადების მიუხედავად, ყოველდღე სამსახურში დადის, ხოლო სამინისტროში სხვადასხვა კომპანიის ლობირება „ყვავის“.
თავად კვიტაშვილს კი, ოდესის გუბერნატორის თქმით, სერიოზულად არავინ განიხილავს. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში წამლებზე ფასები ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე მაღალია. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დღევანდელ მთავრობაში ვერცერთ რეფორმატორ მინისტრს ვერ ხედავს.
„არ არის არც პრემიერი – რეფორმატორი, არც მინისტრი – რეფორმატორი, არც თავად რეფორმები“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერები და მინისტრები ქვეყანაში ხშირად იცვლებიან და მათ უკრაინა „მძევლად ჰყავთ აყვანილი“.
„მე პრემიერ-მინისტრთან დებატებისთვის მზად ვარ, შემიძლია მას კონკრეტული ციფრები წარვუდგინო. თუმცა მიმაჩნია, რომ რამეში მისი დარწმუნება უკვე დაგვიანებულია“,- ამბობს ოდესის გუბერნატორი.
შეგახსნებეთ, რომ უკრაინის ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის მინისტრმა აივარას აბრამავიჩიუსმა პრეზიდენტ პოროშენკოს ახლო გარემოცვა რეფორმების ბლოკირებაში დაადანაშაულა და საკუთარი გადადგომის შესახებ განაცხადა. აბრამავიჩიუსს მიაჩნია, რომ უკრაინის მთავრობას ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო უნდა ჩაუდგეს სათავეში. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ ის ცალკეული მინისტრების გამოცვლას არ დაუშვებს და რომ მინისტთა კაბინეტი იმ შემთხვევაში გადადგება, თუ უმაღლესი რადა მთელი მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები