ბოლივიაში „ზიკას“ ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
ბოლივიის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ხუთი ადამიანი „ზიკას“ ვირუსით არის დაავადებული. მათ შორის ორი პირი ციებ-ცხელებით ბოლივიის ტერიტორიაზე დაავადდა, ხოლო სამი – ბრაზილიაში ჩასვლის შემდეგ.
ბოლივიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ასევე დაფიქსირებულია ჩიკუნგუნიას და დენგეს ციებ-ცხელების 3 ათასზე მეტი შემთხვევა, რომლებიც ასევე Aedes aegypti-ს ტიპის კოღოს მეშვეობით გადაეცემა.
ამავე ინფორმაციით მიხედვით, კოკისპირული წვიმების გამო, ამ ტიპის კოღოების რაოდენობა ბოლივიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზოიერთი პროვინციის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შედეგად ეს რაიონები კოღოებთან საბრძოლველად ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მიიღებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე წელს „ზიკას“ ვირუსის ეპიდემიას, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში დაფიქსირდა, მსოფლიო ჯანდაცვისთვის „საგანგებო მდგომარეობა“ უწოდა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ზიკას“ ვირუსი ორსულობის პერიოდში ნაყოფის მიკროცეფალიას იწვევს. ამ დაავადების დროს თავის ქალის და ტვინის ზომა მნიშვნელოვნად მცირდება. ეს ბავშვებში გონებრივ პრობლემებს, სმენის და მხედველობის დარღვევას და სხვა გადახრებს იწვევს.