ლელა კაკულია: საქართველოში კიდევ ორი გახმაურებული მკვლელობა მოხდება!
„საქართველოში კიდევ ორი გახმაურებული მკვლელობა მოხდება!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში წინასწარმეტყველ ლელა კაკულიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ლელა კაკულია ამავე ინტერვიუში, ორი გახმაურებული მკვლელობის გარდა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციას წინასწარმეტყველებს. კაკულია აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
ლელა კაკულიას ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას პოლიტიკური კარიერა თავდაცვის მინისტრის ყოფნის დროს დასრულდა. მისი თქმით, იგი ირაკლი ალასანიას მომავალში პოლიტიკურ კარიერას ვერ უწინასწარმეტყველებს.
„ვხედავ, „რესპუბლიკურ პარტიას“ მალე ორი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება დატოვებს! ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში ვიწინასწარმეტყველე – საბოლოოდ ხელისუფლებაში, ამერიკის მსგავსად, ორი პარტია იქნება – „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“, რომლებიც ჯერ არ გამოჩენილან პოლიტიკურ არენაზე.
ირაკლი ალასანიას პოლიტიკური კარიერა, პრაქტიკულად, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დასრულდა. მასთან ერთად, ნელ-ნელა ბევრი პატარა-პატარა პოლიტიკური პარტიებიც გაქრება. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ბრწყინვალე მომღერალი, ოჯახის შვილი და პიროვნებაა, იგი ჩემი ნათესავი გახლავთ, თუმცა პოლიტიკაში ვერც მას ვხედავ. პოლიტიკა პაატას საქმე არ არის. ჯობს, თავისი პროფესიით გააგრძელოს მოღვაწეობა“, – აცხადებს ლელა კაკულია.
ამავე ინტერვიუში წინასწარმეტყველი ტელეკომპანია „მაესტრის“ შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, ტელეკომპანიის გარშემო დიდი „ბრძოლა“ გაიმართება. თუმცა ძმებ გაჩეჩილაძეებს ვერ მოერევიან.
„იქნება დაპირისპირებები, მაგრამ ძმებ გაჩეჩილაძეებს ვერ მოერევიან. ისინი ამ ბრძოლას მოიგებენ“, – ამბობს ლელა კაკულია.
მისი თქმით, იგი საქართველოში ორ გახმაურებელ მკვლელობას ხედავს, რაც დიდი ტრაგედიის ტოლფასი იქნება.
„სამწუხაროდ, საქართველოში ორი გახმაურებული მკვლელობა მოხდება. დიდ თანხებზე იქნება ლაპარაკი. შესაძლოა, მსხვერპლი პოლიტიკოსის იყოს, თითქოს ცეცხლს უკიდებენ და წვავენ. საშინელი ტრაგედია დატრიალდება“, – ამბობს წინასწარმეტყველი.
ლელა კაკულია საქართველოს გარე პოლიტიკაზეც საუბრობს.
„მსოფლიო პოლიტიკური თამაში საქართველოზე ცუდ გავლენას არ იქონიებს, პირიქით, სწორედ მაშინ დაიწყება საქართველოს წინსვლა, როცა მსოფლიო პოლიტიკაში ყველაფერი თავდაყირა იქნება. სხვათა შორის, არა მხოლოდ რუსეთ-თურქეთს შორის არის მოსალოდნელი ომი, არამედ მომავალში ომს ვხედავ რუსეთს-ჩინეთს შორისაც. ჩინეთი ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ ვერ წავა. კარგად იცის, რასაც წარმოადგენს ამერიკა და მისი შიში აქვს. იმასაც გეტყვით, რომ ჩინეთი რუსეთს მიწების გამო დაუპირისპირდება. რუსეთი საქართველოში ფრთებს ვერ გაშლის და ვერ დაიმონებს. დამიჯერეთ, ეს გამორიცხულია. რუსეთს მძიმე დღეები ელოდება. იქ კიდევ ერთ რევოლუციას ვხედავ. ევროპა პუტინს ნიუნბერგის მსგავს პროცესს მოუწყობს“, – აცხადებს ლელა კაკულია.