თბილისის მერია ტაქსების რეგისტრაციას იწყებს – რა ხარჯებთანაა დაკავშირებული აღნიშნული პროცესი

„თბილისის მერია ტაქსების რეგისტრაციას იწყებს“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემასთან საუბრისას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, ტაქსების რეგისტრაცია არანაირ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული.
„ეს არ იქნება ტაქსების ლიცენზირება. ეს არის ტაქსების რეგისტრაცია, აღრიცხვიანობა, რომელიც მოიცავს მხოლოდ იმ პროცესს, რომ თბილისში მოძრავი ტაქსები იყოს აღრიცხული და ვიცოდეთ, ავტომობილი, რომელიც მოძრაობს და მძღოლი, რომელიც ტაქსის მართავს. აი, ეს არის მარტივი მიზანი, აღრიცხვიანობა/ რეგისტრაციის, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.
ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ერთადერთი, რაც ცნობილია, ეს არ იქნება ხარჯიანი პროცედურა. რათა არ შეიზღუდოს მათი რაოდენობა. მძღოლებს არანაირი თანხის გადახდა არ მოუწევთ. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად იქნება. გვეცოდინება ინფორმაცია ტაქსისა და მძღოლის შესახებ. დანარჩენი არანაირ გართულებულ პროცედურებზე არ არის საუბარი. სხვა დამატებითი რეგულაციები არ განიხილება“, – განაცხადა ვიცე-მერმა.
როგორც ლექვინაძე ირწმუნება, ტაქსების ლიცენზირების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.
„კარგად გვესმის, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, შემოსავალს, ამიტომ თბილისის მთავრობის მიერ ლიცენზირების საკითხი ამ დროისთვის არ განიხილება“,- ამბობს ლექვინაძე.
ამასთანავე, ლექვინაძის განმარტებით, საუბარია მხოლოდ ინდივიდუალურად მომუშავე ტაქსის მძღოლებზე და არა კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ტაქსოპარკებზე. აღსანიშნავია, რომ ტაქსების რეგისტრაციისთვის 80 ათასი ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები