სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნა

მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტუაციური ოთახი ბრიტანული მოდელის, ე.წ. KOBRA-ს მიხედვით შეიქმნა, ამავე დროს, იგი მორგებულია ქართულ სპეციფიკას.
ოთახის გახსნას მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, ასევე მთავრობის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მთავრობას და ექსპერტ სერ გარი ჯონსონს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო.
“ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში. გამოწვევები არის სხვადასხვაგვარი, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის თემებიდან, ასევე სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმებიდან გამომდინარე, საფრთხეები, რომლებიც ასევე მრავლად არის ჩვენს რეგიონში. ასეთი ტიპის საფრთხეების გამკლავებას კარგი კოორდინაცია სჭირდება. კრიზისული სიტუაციების მართვის ოთახი, რომელიც დაინერგება საქართველოში, არის ბრიტანული მოდელი და იგი საშუალებას იძლევა სხავადასხვა უწყებას შორის მაქსიმალური კოორდინაცია გვქონდეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გავუმკლავდეთ ასეთი ტიპის კრიზისულ სიტუაციებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სიტუაციური ოთახი აღჭურვილია სრული პროგრამული უზრუნველყოფით, თუ იგი იქნება ქმედითი ინსტრუმენტი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მიმართულებით.
ჯანელიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტზე მუშაობა 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და 2015 წლის დეკემბერში დასრულდა. მან მადლობა გადაუხადა მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე ბრიტანეთის მთავრობას, რომლის დახმარებითაც ეს პროექტი განხორციელდა და ამერიკულ მხარეს. ცნობისთვის, საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრისა და სამდონიანი სისტემის კონცეფციაზე მუშაობა ბრიტანელი ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი ბრიტანული მოდელის, ე.წ. KOBRA-ს მიხედვით შეიქმნა. კრიზისების მართვის კონცეფციის მიხედვით ეროვნულ სიტუაციურ ოთახში მოქმედებს კრიზისების მართვის სტრატეგიული და ოპერაციული დონეები, ხოლო უშუალოდ ინციდენტის ადგილზე ხდება მართვის ტაქტიკური დონის ორგანიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები