8 თებერვლიდან ტელეკომპანია “მაესტროს” სახელი და ლოგო აღარ ექნება
8 თებერვლიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ სახელი და ლოგო აღარ ექნება. არხის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, „მაესტრო“ ორშაბათიდან ძველი ბრენდის ქვეშ მაუწყებლობას ვეღარ შეძლებს.
როგორც დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე აღნიშნავს, მან ეს გადაწყვეტილება 4 თებერვალს მიიღო და ბრძანებაც ამავე დღეს გასცა.
“ბაჩო კიკაბიძეს ეს ლოგო ჩემთვის სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადმოცემული, ამ მენეჯმენტისთვის და დაფუძნებლების იმ კონფიგურაციისთვის, რაც იყო და ვიცოდი, რომ სხვა შემთხვევაში ის ამის წინააღმდეგი იქნებოდა. ამიტომ მე მივეცი ჩემს თანამშრომლებს მითითება, რომ ორშაბათს მოხსნან ლოგო ეთერიდან. ეს არის ჩემი ბოლო კანონიერი ბრძანება, რაც გავეცი აქ. წარწერა “მაესტრო” ეთერში არ იქნება და ცისფერი ბურთი დარჩება”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მარეგულირებელ კომისიაში კი ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე პროცესებზე ოფიციალური ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.
დღეს „კურიერთან“ პროცედურები კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია ყურაშვილმა განმარტა.
„ნებისმიერ შემთხვევაში ტელეკომპანია აღარ აპირებს მაუწყებლობას თუ იცვლის სახეობას, მან შვიდი სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს მარეგულირებელ კომპანიას და კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილებით უნდა მოახდინოს ავტორიზაციის მოდიფიცირება, რაც არ მომხდარა. ამიტომ მიეცა კომპანიას 3 სამუშაო დღის ვადა აღნიშნული ინფორმაციის მოსაწოდებლად,“ – აცხადებს ხატია ყურაშვილი.
ტელეკომპანია “მაესტროს” აქციების საკონტროლო პაკეტს ამ დროისთვის გია გაჩეჩილაძე ფლობს. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რეესტრით კვლავ ბაია გადაბაძეა, ხოლო საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გენერალურ დირექტორად თავისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას გეგმავს.