ტოკიოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გაშვებას უკვე მომდევნო კვირას შეეცდება
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა შეიძლება იმაზე ადრე გაუშვას, ვიდრე ეს თავდაპირველად იგეგმებოდა. ამის შესახებ იაპონიის მთავრობა იუწყება. ტოკიოს ინფორმაციით, რაკეტის გაშვება, შესაძლოა, არა 8-დან 25 თებერვლამდე შუალედში, არამედ 7– 14 რიცხვებში მოხდეს. მანამდე ფხენიანმა გაეროს სააგენტოებს აცნობა, რომ კოსმოსში დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას აპირებს.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ფხენიანი რაკეტის გაშვების შემთხვევაში „მაღალ ფასს გადაიხდის“.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ნებისმიერ რაკეტას გაანადგურებს, რომელსაც შეუძლია მის ტერიტორიაზე დაეცეს. გაეროს რეზოლუციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ცდების ჩატარება და ბალისტიკური რაკეტების გამოცდა ეკრძალება.