„ისლამურ სახელმწიფოს“ 34-მა დაჯგუფებამ ერთგულების ფიცი მისცა

მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 34-მა სხვადასხვა შეიარაღებულმა ჯგუფმა ერთგულების ფიცი მისცა.
გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ამ ჩამონათვალს, სავარაუდოდ, ახალი დაჯგუფებებიც შეუერთდებიან.
ეს ინფორმაცია პან გი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცა.
გაეროს ინფორმაციით, განსაკუთრებული რისკის ზონებში შედის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ფილიპინები, უზბეკეთი, პაკისტანი, ლიბია და ნიგერია, სადაც ისლამისტების გააქტიურებაა მოსალოდნელი. პან გი მუნმა „ისლამურ სახელმწიფოს“ მსოფლიოში უმდიდრესი ტერორისტული დაჯგუფება უწოდა.
სხვადასხვა მონაცემით, ამ დაჯგუფებამ 2015 წელს ნავთობპროდუქტების გაყიდვით 400-დან 500 მილიონ დოლარამდე მიიღო. გარდა ამისა, დაჯგუფება შემოსავალს იღებს სხვადასხვა ქვეყანაში მეწარმეებისა და ფერმერებისთვის დაწესებული არაოფიციალური გადასახადისგან და მიტაცებული ქონების გაყიდვისგან.
ამ სქემების კონკრეტულ მაგალითად პან გი მუნმა ერაყი დაასახელა, სადაც მათ დაკავებულ ტერიტორიებზე ბანკებისგან 1 მილიარდი დოლარი ამოიღეს. გარდა ამისა, წელიწადში 1 მილიარდი მოაქვს „გადასახადს“, რომელსაც სატვირთო ავტომობილების მფლობელები იხდიან, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდებიან. ამ და სხვა მიზეზების გამო, გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დღეს „უპრეცედენტოდ მაღალ საფრთხეს“ წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები