ჯონ ქერიმ რუსეთი სირიელი ბავშვებისა და ქალების დაღუპვაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ რუსეთი სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში დაადანაშაულა. როგორც ქერიმ ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული ავიაციის შეტევის დროს ქალები და ბავშვები იხოცებიან.
მისი თქმით, რუსეთი სირიაში უმართავ ბომბს იყენებს, რაც დარტყმის სიზუსტეს ამცირებს და მოსახლეობაში დიდი რაოდენობით მსხვერპლს იწვევს.
„ეს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა დიპლომატმა.
ჯონ ქერიმ ასევე აღნიშნა, რომ სირიის ხელისუფლება და რუსეთი გაეროს რეზოლუციას არღვევენ, რომელიც ამ ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. სახელმწიფო მდივანმა მოსთხოვა მოსკოვს, შეწყვიტოს ბაშარ ასადის მხარდაჭერა, ვინაიდან მისი მმართველობის პერიოდში „ომის შეჩერება შეუძლებელია“.
პარასკევს თურქულმა სააგენტო Anadolu-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთ კვარტლები დაბომბეს, რომლებსაც ოპოზიციის ძალები აკონტროლებენ. დაიღუპა სულ მცირე 25 მშვიდობიანი ადამიანი და 60 დაიჭრა. სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავები ალეპოს უკვე მეოთხე დღე–ღამეა ბომბავენ. 2 ათასმა ოჯახმა ქალაქი უკვე დატოვა და ისინი თურქეთის საზღვრისკენ წავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები