სამეგრელოში მომხდარ ავტოკატასტროფას შეწირული 5 სიცოცხლე – “დათომ იყვირა, ბიჭებო, დავიღუპეთო!”
28 იანვარს, საღამოს საზარელი ავტოკატასტროფა მოხდა ზუგდიდი – ჯვრის საგზაო მონაკვეთზე, სადაც “ფორდისა” და “ოპელის” მარკის ავტომანქანების შეჯახებამ 5 ადამიანის – გიორგი ციმინტიას, ბაჩანა შონიას, დათო ბერიშვილის, ლევან მატუასა და დათო ქუხილავას სიცოცხლე იმსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულების სიცოცხლის გადასარჩენად სხვადასხვა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმები იბრძვიან.
გარდაცვლილთა შორის უფროსი 26 წლის არის, ყველაზე უმცროსი კი – 19-ის. მათ შორის ოთხი ჯვრის დასახლების ერთსა და იმავე კორპუსში ცხოვრობდა და ბავშვობის განუყრელი მეგობრები იყვნენ. მეხუთე, 21 წლის დავით ბერიშვილი კი სოფელ ლიას მკვიდრი იყო და, როცა კატასტროფა მოხდა, ერთ-ერთი მანქანის საჭესთან სწორედ ის იჯდა.
ტრაგედიაზე სოფელ ლიას რწმუნებული ვახტანგ კვირკველია “კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.
“როცა კატასტროფაში მოყოლილი მანქანები ვნახე, იმის გააზრებაც კი გამიჭირდა, რომ ოდესღაც ეს ჯართის გროვა ავტომობილები იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტუაციაში ვინმე გადარჩებოდა. ჯვარში მცხოვრები ბიჭების მანქანა შეჯახების შემდეგ რკინის ღობეს შეეხეთქა და ერთიანად აიზილა. 6 კაცი იჯდა მანქანაში, ოთხი მათგანი ცოცხალი აღარ არის. ამაზე ლაპარაკი ძალიან მიმძიმს – განა რამდენნი ვართ ქართველები, რომ ამდენი ახალგაზრდა ერთად გავისტუმროთ იმქვეყნად. უბედურება ტრიალებს იმ ეზოში, სადაც ისინი გაიზარდნენ. ჩვენი 5 თანასოფლელიდან 4 გადარჩა, მაგრამ 21 წლის დათო ბერიშვილი დაგვეღუპა. სწორედ ის იჯდა საჭესთან, როცა ეს ენით აუწერელი უბედურება მოხდა. საჭის მხარე დარტყმისგან მთლიანად მანქანის სიღრმეშია შეტანილი. სხვა რა უნდა ვთქვა… ღმერთმა ინებოს, რომ გადარჩენილები გამოჯანმრთელდნენ; ჩემი ინფორმაციით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.
ავარია ზუგდიდან დაახლოებით 26 კილომეტრში მოხდა, საღამოს 8-სა და 9 საათს შორის. ეს გზის, ფაქტობრივად, უხიფათო მონაკვეთია, არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო. გამოიძიებენ და მიზეზსაც იტყვიან ალბათ. ავტოკატასტროფას გადარჩენილებიდან ერთია ჯერ იმ მდგომარეობაში, რომ რაიმე მოყვეს, სწორედ მან თქვა, დავინახეთ, როგორ აერია საპირისპირო მხარეს მომავალ მანქანის მძღოლს საჭე – აქეთ-იქეთ მიხვევ-მოხვევა უაზროდ დაიწყოო, რის მერეც დათო ბერიშვილმა იყვირა, ბიჭებო, დავიღუპეთო! ჯვრის მცხოვრებთა მანქანაში 6 კაციდან 3 წინ იჯდა, ანუ მძღოლს 2 უჯდა გვერდით და, ვინ იცის, ამ დროს საჭესთან რა მოხდა, ეგებ რომელიმეს ხელი შემთხვევით ისეთ რაიმეზე მოუხვდა, რომ ყველაფერი აირია და ალკოჰოლიც არც არაფერ შუაში იყო…“,-აცხადებს ვახტანგ კვირკველია.
წყარო: “კვირის პალიტრა“