„სკანდალი მაესტროში“: დატოვებს თუ არა არხს გენერალური დირექტორი – რა გარიგება შედგა ტელეკომპანია „იმედთან“
„სკანდალი მაესტროში“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს და ტელეკომპანიის თანამშრომლებზე დაყრდნობით არხის გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილ საგანგებო განცხადებას აანონსებს.
გამოცემასთან საუბრისას თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გადაბაძე ტელეკომპანიის დამფუძნებლებს შორის ატეხილ დავასა და გაუგებრობაზე ისაუბრებს.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ამ დრომდე საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციით, ბოლო დრომდე შპს „სტუდია მაესტროს“ 6 მფლობელი ჰყავს, თუმცა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მაეტსროს“ 53-პროცენტიანი წილი გაიყიდა და, შესაბამისად, არხის ერთ-ერთი მეწილე კოტე გოგელია ტელეკომპანიაზე კონტროლს დაკარგავდა. ვინ შეიძინა აღნიშნული პაკეტი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მისი მფლობელი პატარკაციშვილის ოჯახი ხდება.
„მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წილის გაყიდვის შეთავაზება მიიღო, თუმცა, არ ასახელებს იმ პირს, ვისგანაც ეს შეთავაზება ჰქონდა.
„ნამდვილად შემომთავაზეს წილის გაყიდვა, ვერ გეტყვით, ვინ, მაგრამ არ გავყიდე. მილიონი მიზეზი შეიძლება გამოჩნდეს, რაც წილის გაყიდვას მაიძულებს. „მაესტრო“ არ არის ჩემთვის მატერიალური სიმდიდრე“,-განაცხადა ღლონტმა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, არხის დამფუძნებლებს შორის დაპირისპირება კულუარებში საკმაოდ მწვავეა. დიდი ხანია უკვე ამ პროცესსს პატარკაციშვილების ოჯახს, კერძოდ, კი ირაკლი რუხაძის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.
კულუარული ინფორმაციით, ირაკლი რუხაძის პარტნიორი პოლიტიკაში „გრეჩიხა“ იქნება. მისი ძმა გიორგი გაჩეჩილაძე „მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილეა. ითქვა, რომ სწორედ ის იყო ამ პროცესში აქტიურად ჩართული. სწორედ მან დაბლოკა თავის დროზე „რუსთავი 2“-ის მცდელობები ამ ორი ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გაერთიანების თაობაზე. „იმედის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში „მაესტროსთან“ ხელშეკრულების გაფორმებას ადასტურებს. „ჩვენს შორის სარეკლამო შეთანხმება შედგა და ჩვენი და „მაესტროს“ სარეკლამო დრო გაერთიანდა, თუმცა გარკვევით მინდა ვთქვა, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს სადამფუძნებლო საკითხებთან ან დოკუმენტებთან“,- აღნიშნა ბახტაძემ.