"თუ სააკაშვილი დაწმუნებულია, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს"

ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვის ფაქტს აშშ-დან ეხმაურება. თემურ ბასილია „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თუ ექსპრეზიდენტი საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია, ის დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. როგორც „კვირას“ თემურ ბასილიამ განუცხადა, სააკაშვილის დაკითხვა პროკურატურის მხრიდანსავსებით სწორი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამოძიებას, საკმაოდ მძიმე შეკითხვები აქვს.
„მიხეილ სააკაშვილის დაბარება პროკურატურაში მოწმის სტატუსით სავსებით სწორია, რადგან მისი რეჟიმის პერიოდში, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება სისტემატიურად არღვევდა კანონს. თუ ბატონი სააკაშვილი დაწმუნებულია, რომ მას არ ჩაუდენია რაიმე დანაშაული, ის უნდა გამოცხადდეს დაკითხვაზე და გასცეს დამაჯერებელი პასუხი დასმულ კითხვებს. მართალია, პროკურატურას საკმაოდ მძიმე კითხვები აქვს მომზადებული სააკაშვილისთვის, მაგრამ, ძალიან გამიკვირდა, რომ მათში ვერ აღმოვაჩინე პოლიტიკური მოტივით დევნასთან დაკავშირებული თემა. არადა, სააკაშვილის რეჟიმი პოლიტიკური და პირადი მოტივით უკანონოდ სდევნიდა თავის მოქალაქეებს, რომლებმაც უსამართლოდ გაატარეს საპატიმროებში წლები, ხოლო სხვები იძულებულნი იყვნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ. არაერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ დაადასტურა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამ დევნის პოლიტიკური მოტივი და ბევრ ასეთ პიროვნებას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა გაამახვილონ ყურადღება სააკაშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური მოტივით დევნაზე. მათ ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა ექნებათ“, – განუცხადა „კვირას“ თემურ ბასილიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები