ირაკლი სესიაშვილი: მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში, ამიტომ ნუ ვიქნებით მკაცრნი

ქართველი ჯარისკაცების მხრიდან, ცენტრალურ აფრიკაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა თუ არ დადასტურდა, ადეკვატურად მოვითხოვთ, ამის უარყოფა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ დანაშაული მართლა მოხდა, დამნაშავეები პასუხს აგებენ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ქართული ჯარის პრესტიჟზე, რომელსაც ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს მსოფლიოში.
“პირველ რიგში, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს ვითვალისწინებ, მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში, ამიტომ ნუ ვიქნებით მკაცრნი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს, ეს ადამიანები პასუხს აგებენ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ჯარის პრესტიჟზე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი მსოფლიოში. ზოგადად საერთაშორისო მისიებში, ყველა ქვეყნის მხრიდან, მსგავსი ფაქტები არის, ამიტომ ჩვენთვის ეს მწარე შემთხვევა და გამოცდილება უნდა იყოს მაგალითი იმისათვის, რომ ჩვენ პრევენციულად უფრო მეტი ვიმუშაოთ პირად შემადგენლობასთან, რადგან მსგავს რაღაცას ადგილი არ ჰქონდეს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება დღის წესრიგში არ დგას.
“ურთიერთობის გაფუჭება პარტნიორთან, დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას. ეს არის ჩვეულებრივი ინდივიდუალური დანაშაულის ეჭვი. თუ ეს დადასტურდა, კანონმდებლობის მიხედვით პასუხი უნდა აგოს ყველამ. თუ არ დადასტურდა, ასევე ადეკვატურად მოვითხოვთ, ამის უარყოფა მოხდეს”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები