უშგულში ჩარჩენილი გადამღები ჯგუფი შველას ითხოვს

დიდთოვლობის გამო, 30 -კაციანი გადამღები ჯგუფი სვანეთში, უშგულშია ჩარჩენილი. როგორც „კვირას“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მარინა ხაჭვანმა განუცხადა, მათ გადაღებები ერთი კვირის წინ დაასრულეს, თუმცა დიდთოვლობის გამო გზა არის ჩაკეტილი და თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.
„ფილმს -35 გრადუსში ვიღებდით და ჯგუფის ყველა წევრმა გადაიტანა ვირუსის მძიმე ფორმა, ამოიწურა წამლების მარაგი. ჯგუფი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის იმედად დავრჩით. მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას აღმოგვიჩინოთ დახმარება”, – აცხადებს ხაჭვანი.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ მესტიის გამგებელს დაუკავშირდა. კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უშგულში დიდთოვლობის გამო, გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ზვავი 9-ჯერ ჩამოწვა, რის შედეგადაც გზა გადაიკეტა.
„გადამღები ჯგუფი სვანეთში ერთ-ერთ ოჯახშია დაბინავებული. მათ საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა არ აქვთ. ჩვენის მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათი მდგომარეობა შევამსუბუქოთ. დიდთოვლობის გამო, გზაზე სხვადასხვა ადგილას 9-ჯერ ჩამოწვა ზვავი და მძიმე ტექნიკით ვცდილობთ გზის გაწმენდას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გზა გაიწმინდოს. ამ ეტაპზე, გადამღები ჯგუფი ვერც ვერტმფრენით გადაგვყავს, რადგან უამინდობის გამო ფრენა ვერ ხერხდება. ერთადერთი გამოსავალია ის, რომ უნდა დაველოდოთ გზის გაწმენდას. ეს უშგულია და არავინ იცის, სად არის კიდევ მოსალოდნელი ზვავსაშიშროება“, – აღნიშნა კაპიტონ ჟორჯოლიანმა.
„კვირა“ საკითხის უკეთ გასარკვევად, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც სამინისტოში განაცხადეს, ამჟამად, უშგულის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 2 ტრაქტორი მუშაობს და ამ დროისათვის გზის 3 კმ. უკვე გაწმენდილია. გარდა ამისა, უშგულში გზის გაწმენდისთვის დამატებითი ტექნიკა სოფელ მულახიდან გაიგზავნა. სამინისტროში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ გზის აღნიშნული მონაკვეთი თოვლისგან დღის ბოლომდე გაიწმინდება.
ცნობისათვის, 30 კაციანი გადამღები ჯგუფი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად უშგულში 20 დღის წინ ჩავიდა. მათ გადაღებები ერთი კვირის წინ დაასრულეს, თუმცა თბილისში დიდთოვლობის გამო ჩამოსვლას ვეღარ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები