„გულიას ქუჩაზე მდებარე ხიდის სამუშაოები მის მოდერნიზაციას და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას ითვალისწინებს“

ორთაჭალაში, გულიას ქუჩაზე ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დასრულდება.
ორთაჭალაში, გულიას ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილეებთან, ლაშა აბაშიძესთან და გიორგი ლილუაშვილთან, ასევე კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ გივი კუბლაშვილთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხიდის ერთ ნაწილზე მიმდინარეობს, ხოლო მეორე ნაწილზე ავტომობილები ორმხრივად გადაადგილდებიან.
მათივე ცნობით, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება დაზიანებულმა საკანალიზაციო სისტემებმა გამოიწვია, რომლითაც ხიდის ძირითადი კონსტრუქციისა და ბურჯების გამორეცხვა ხდებოდა.
დავით ნარმანიას განცხადებით, ხიდის ზედაპირი მთლიანად მოიხსნება, ჩატარდება ხიდის გამაგრების სამუშაოები და გამოიცვლება ხიდზე გამავალი კომუნიკაციები, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
“წლების განმავლობაში ეს ხიდი იყო ძლიერ დაზიანებული. წყალი საკანალიზაციო მილებიდან ჟონავდა, ბინძურდებოდა მტკვარიც. სამუშაოები ხიდის მოდერნიზაციას და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას ითვალისწინებს. ისე, რომ ამ ხიდს 25-30 წლის განმავლობაში არაფერი არ დაჭირდება. მთლიანად მოხდება ხიდის ზედაპირის მოხსნა, ჩატარდება ხიდის გამაგრების სამუშაოები და გამოიცვლება ხიდზე გამავალი კომუნიკაციები, ასფალტის ახალი საფარი დაიგება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ხიდის რეაბილიტაციაზე 1,089 მლნ ლარი დაიხარჯება და სამუშაოებს კომპანია NCC განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები