მივა თუ არა სააკაშვილი დაკითხვაზე? – ექსპრეზიდენტის კომენტარი (ვიდეო)
კითხვას, გამოცხადდება თუ არა პროკურატურაში დაკითხვაზე, მიხეილ სააკაშვილმა 2 დღის წინ ბრიუსელიდან უპასუხა. ექსპრეზიდენტმა ბრიუსელში ყოფნისას განაცხადა, რომ ის არ აპირებს „ბინძურ ინტრიგებში“ ჩართვას.
“არ ვმონაწილეობ ბინძურ ინტრიგებში, რომელსაც გეგმავენ და რომელსაც სრულიად კონკრეტული სარჩული აქვს. ნამდვილად არ ვმონაწილეობ. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ვინმე ამას დააპირებს, ყველა შესაბამისად აგებს პასუხს. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მათ შორის – საერთაშორისო არენაზე… ნუთუ არ გვესმის, რა მდგომარეობაშია საქართველო და რა კონკრეტული რისკებია დღეს. და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს გამოვიყენოთ ჩვენი მდაბიო, ღვარძლიანი ამოცანების განსახორციელებლად? ასეთმა მიდგომამ საქართველო დაღუპა წარსულში და მრავალჯერ მოხვდა უცხოური დამპყრობლის ქვეშ.
რამდენჯერ უნდა გაიმეოროს საქართველომ ერთი და იგივე შეცდომა. რამდენჯერ უნდა დავდგეთ პირადი ბოღმის, რაღაც ღვარძლის და შურისძიების ზემოთ და არ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე. რითი არის დღეს დაკავებული საქართველოს მთავრობა. მსოფლიოს ტელეარხების, ტელეეთერების 90 პროცენტი დაკავებული მაქვს მე, ეს არ არის ყოფილი პრეზიდენტების საქმე. დღეს წყდება დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოს ბედი, დღევანდელი მთავრობის და პოლიტიკური სპექტრის გადასაწყვეტია ეს. მათი დრო რითია დაკავებული დღეს. გავა სულ ცოტა დრო და ძალიან შეგვრცხვება, რომ საქართველოს ისტორიის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში წვრილმანი ვენდეტებით და წვრილმანი შურისძიებით ვიყავით დაკავებული“, – განაცხადა სააკაშვილმა.