ირანის პრეზიდენტმა იტალიურ კომპანიებთან 17 მილიარდი დოლარის შეთანხმებები გააფორმა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ იტალიაში ვიზიტის დროს იტალიურ კომპანიებთან დაახლოებით 17 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმებები გააფორმა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, იტალიურ კომპანიებთან კონტრაქტები, ძირითადად, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში გაფორმდა. იტალიაში ვიზიტის დროს რუჰანი იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის შეხვდა. შეხვდერა ასევე დაგეგმილია რომის პაპთან.
ირანის პრეზიდენტი ევროპაში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება მას შემდეგ, რაც დასავლეთმა თეირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ჰასან რუჰანი პარიზშიც გეგმავს გამგზავრებას, სადაც მასშტაბური შეთანხმების გაფორმებას აპირებს კომპანია Airbus-თან. შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული კომპანიისგან ირანი 100-ზე მეტ თვითმფრინავს შეიძენს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ირანის დელეგაცია 120 ადამიანისგან შედგება. მათ შორის არიან როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენებიც. ირანული დელეგაციის ვიზიტის მიზანს ევროპასთან კავშირების აღდგენა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სანქციების გაუქმების შემდეგ, გასულ კვირას ირანი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 600 მლრდ დოლარამდე გაზარდონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები