გიორგი ქადაგიძის ბრალდების მთავარი მოწმე შესაძლოა, მისივე მოადგილე გახდეს – რა ჩვენება მისცა მის წინააღმდეგ ოთარ ნადარაიამ

გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხი კანდიდატი – გიორგი ბაქრაძე, ნია შარაშიძე, არჩილ იაკობაშვილი და გიორგი ფაილოძე არიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილი კანდიდატების ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა, როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, პრეზიდენტმა საკუთარი კანდიდატურა კარგა ხნის წინ შეარჩია და იგი ქადაგიძის მოქმედი მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეა.
გამოცემის ინფორმაციით, საკუთარი ფავორიტები ჰყავს მთავრობასაც და არ არის გამორიცხული, ეს თემა მარგველაშვილ – კვირიკაშვილს შორის პირველი განხეთქილების საფუძველიც გახდეს.
ამავე სტატიის თანახმად, კულუარულად ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში მთავრობასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები დაალაგა ოთარ ნადარაიამ, რომელიც ამჟამად ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტია.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ოთარ ნადარაიას ჩვენება, რომელიც „სახალხო ბანკის“(ახლა „ლიბერთი“ ბანკი) აქციათა გაყიდვის საქმეს ეხება, შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდეს გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ. ნადარაია 2008 წლის ჩვენებაში ამბობს, რომ გიორგი ქადაგიძემ „სახალხო ბანკის“ აქციათა გაყიდვაზე თანხმობა ისე გასცა, რომ შემსყიდველი კომპანიის მესაკუთრეობის შესახებ ინფორმაცია არც მოუთხოვია.
სტატიის ავტორი არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან გიორგი ქადაგიძემ პირდაპირ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლოს, სადაც ბრალდების ერთ-ერთ მთავარ მოწმედ მისივე მოადგილე დახვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები