გიორგი აბდალაძე: მარგველაშვილი იმ ცოდვიან შენობაში არ უნდა შესულიყო
„მარგველაშვილი იმ ცოდვიან შენობაში არ უნდა შესულიყო, რადგანაც სწორედ მაგ ჯოჯოხეთური სასახლიდან გაიცემოდა ბრძანებები, რომლებიც უამრავ ადამიანს სიცოცხლეს უსწრაფებდა!“ – ამის შესახებ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ყოფილი მსჯავრდებული გიორგი აბდალაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
აბდალაძე საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მაგრველაშვილთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.
„პრეზიდენტს ვუთხარი: ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც დავიჩაგრეთ. ეს ხელისუფლება კი ბრძოლით მოგიყვანეთ-მეთქი. არავისთვის არანაირი პრივილეგია არ მითხოვია, გარდა ერთისა, რომ გაგვამართლონ და ჩემს შვილს ვინმემ არ წამოაძახოს – მამაშენი ჯაშუში იყოო! ვიმეორებ, არავის მოკვლას არ ვითხოვ, მაგრამ სააკაშვილი, ადეიშვილი და უტიაშვილი უნდა დაისაჯონ. სწორედ უტიაშვილია ის პიროვნება, ვინც საქმეში ჩადო ის, რაც იქ დევს, არადა ისიც არ ვიცი, უტიაშვილი დღეს ქუჩაში დღემდე არხეინად რომ დასეირნობს, საერთოდ დაკითხული ჰყავთ?
და ბოლოს, ხომ ამბობენ კომპენსაციისთვის ფული არ არისო? პრეზიდენტის სასახლე გაიყიდოს და ეს ფული წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ ადამიანებს გადასცენ! მთავრობიდან კი ვინმე გამოვიდეს და სახელმწიფოს სახელით ბოდიში მოგვიხადოს, რადგანაც სწორედ სახელმწიფოს სახელით გვაწამეს იმისთვის, რაც არ ჩაგვიდენია!“ – ამბობს გიორგი აბდალაძე.
ფოტოგრაფი გამოცემასთან რამდენიმე დღის წინ იმ იციდენტს იხსენებს, როდესაც მისი შვილი დაჭრეს. გიორგი აბდალაძე სამართლადამცავებს დღემდე სთხოვს, რომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას.
„ერთი თვის წინ ქუჩაში ჩემი შვილი დაიჭრეს, პირველი ის გავიფიქრე, ხომ არ მანიშნებენ, რომ გაჩერდე – მეთქი? ღვთის წყალობით, ბავშვი ცოცხალი მყავს და გადავრჩით. თუმცა მომავალში ვერაფერს გამოვრიცხავ და ვიცი, ამას რატომაც ვამბობ: ციხეში „ნაციონალები“ კარგად გავიცანი და დავრწმუნდი, რომ ამ არსებებს ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიაჩნდათ და ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც სასტიკი გონება უკანახებდათ. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეში ვინმე სისაური ფიგურირებს, რომელმაც ჯერ აწამა, ხოლო შემდეგ მოკლა თეთრაძე, 24 საათი განმავლობაში ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა“, – ამბობს გიორგი აბდალაძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.